Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.10.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ფრე ჩემპიონისა და ლიდერის დაპირისპირებაში

 

 

 

 

 

2017 წლის 29 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა 2017 წლის U17 ჭაბუკთა "ოქროს ლიგის" მე-14 ტურის შეხვედრა გამართა - თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" კუთვნილ საგურამოს ბაზაზე მარგველები ადგილობრივი კოლექტივის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

 

თბილისის "ლოკომოტივი" ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გ ახლავთ. რკინიგზელთათვის საჩემპიონო წინა, 2016 წლის სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ზესტაფონელები და თბილისელები ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ და ერთმანეთთან შეხვედრებში თითო მოგება-წაგება გაცვალეს - საგურამოში გამართულ ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში თბილისელებმა სეზონისათვის სპონტანურ რეჟიმში მომზადებული სტუმრები 11-0 გაანადგურეს, ხოლო ზესტაფონში გამართულ მეორე წრის სასტარტო დაპირისპირებაში მასპინძლებმა ანგარიშით 3-2 (დაწვრილებით) მოახერხეს მომავალი ჩემპიონის დამარცხება...

 

რაც შეეხება "ოქროს ლიგის" მიმდინარე გათამაშების მეხუთე ტურში ზესტაფონის ბაზაზე გამართულ დაპირისპირებას, ის მარგველთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 4-2 (დაწვრილებით) დასრულდა....

 

ჩვიდმეტ წლამდე ფეხბურთელთა შორის მოქმედი ჩემპიონისა და ამ ასაკის ჭაბუკთა მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერის განმეორებითი მატჩი საგურამოს ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ხელოვნურ საფარს მიუჩვეველმა სტუმრებმა შეხვედრა ოდნავ მძიმედ დაიწყეს - მე-15 წუთზე რკინიგზელთა კარგი შეტევა ზუსტი დარტყმით ლუკა ხარძიანმა დააგვირგვინა.

 

გაშვებული გოლის შემდეგ ინიციატივა ხელთ ზესტაფონელებმა იგდეს და ორი ძალიან სახიფათო, მაგრამ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, ბესო ფერაძემ იყოჩაღა... მან ჯერ ფინტების კორიანტელით მასპინძელთა მცველები დააბნია, შემდეგ კარგადაც დაარტყა, ბოლოს კი დამატებაზე მოთამაშე გოგა არაბიძეს გაატანინა. ეს ყველაფერი შეხვედრის 30-ე წუთზე მოხდა. მარგველებმა პირველი ნახევრის დარჩენილი წუთებიც შეტევაში გაატარეს, თუმცა მასპინძელთა კარის ბადის კიდევ ერთხელ შერხევა ვეღარ მოახერხეს.

 

მეორე ტაიმი თანაბრად, ორმხრივი იერიშების "აკომპანემენტით" დაიწყო და ასეთ თამაშში შანსი თითქოს ორივე მხარეს მიეცა... თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუკი ზესტაფონელთა მეკარე ლუკა გოგოლაძეს თავის კარის გადარჩენის შესაძლებლობა მხოლოდ ერთ ეპიზოდში მიეცა (რასაც მან თავი მშვენივრად გაართვა), მისმა კოლეგა ლევან კონცელიძემ, რომელმაც "ლოკომოტივის" მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, გუშინდელი "მატჩის გმირობა" უდავოდ დაიმსახურა ...

 

ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში წარმატებით მოასპარეზე "ლოკომოტივი-2"-ს გოლკიპერმა გოგა არაბიძის, ბექა აბჟანდაძის, ნიკა მჭედლიძისა და შოთა შეყილაძის დარტყმების შემდეგ ურთულესი ბურთების მოგერიება მოახერხა და თავის გუნდს ერთი ქულა მოუტანა - ფრე 1-1.

 

შემდეგ შეხვედრას ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები 3 ნოემბერს შინ, ზესტაფონის ბაზაზე გამართავენ - U17 "ოქროს ლიგის" მეთხუთმეტე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიის წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 14:15 საათზე დაიწყება...

 

 

29.10.2017. U-17. ”ლოკომოტივი” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-1

ლოკომოტივი (U-17): კონცელიძე, გუგუნავა, შიუკაშვილი, ზუმბაძე, ქაჯაია, კილასონია, ხუნჯგურუა, კანკია, კუხიანიძე (გაბუნია, 41), ხარძიანი, გაბეჩავა.

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე.

ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ბერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, გ. სამხარაძე, მჭედლიძე, აბჟანდაძე (მაცაბერიძე, 74), ბ. ფერაძე, არაბიძე, შეყილაძე.

მთავარი მწვრთნელი: გურამ მაზმიშვილი.  

არბიტრი: მანუჩარ კიკორია (თბილისი)

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017