|
ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის დასავლეთის ტრიბუნა |
ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამოდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც.
1951-1989 და 1999–2003 წლებში ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მატჩებს მართავდა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე, საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი”. 1990-1998 წლებში ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ”მარგვეთის” მშობლიური არენა. 2004 წლიდან კი სტადიონზე საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი ”.
1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა , რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8000 ადგილამდე.
2004 წელს, ს. კ. ”ზესტაფონის” შექმნის შემდეგ, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება.
2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები (დაგებულ იქნა თურქული ფირმა ”ჩიმექსის” მიერ დამზადებული ნატურალური ”მწვანე ხალიჩა”). ქართველი მშენებლების მიერ დამონტაჟებული იქნა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა. მინდორზე დამონტაჟებულია ამერიკული ფირმა ”რაინბიორდის” სარწყავი სისტემა (ხსენებული მორწყვის სისტემა წარმატებით აპრობირებულ იქნა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე).
2010 წლის 9 აპრილს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონს საფეხურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალური დირექტორის, ვეტერანი ფეხბურთელისა და თვალსაჩინო საფეხბურთო მოღვაწის, ბატონი დათო აბაშიძის სახელი მიენიჭა.
დღესდღეობით დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე დაგებულია ქართულ-უკრაინული ფირმა ”Lawns of Georgia”-ს მიერ მომზადებული მინდვრის საფარი. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული ჩვენი კლუბის ზესტაფონისა და თბილისის ბაზებზე...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” აშენებს ორ საწვრთნელ ბაზას, ზესტაფონში აშენდა და შენდება მრავალი ახალი საფეხბურთო მოედანი (მათ შორის, ხელოვნურსაფარიანი). სტადიონზე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - გარემონტდა სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის, ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით (რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა 4558 ადგილით განისაზღვრა), ამოქმედებულია განათების თანამედროვე სისტემა, უახლეს მომავალში იგეგმება ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება ად ა . შ .
დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩისთვის უმასპინძლია. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მალტელ, თურქ და ხორვატ თანატოლებს სწორედ ზესტაფონში უმასპინძლა.
არენა სისტემატურად მასპინძლობს უეფას ჩემპიონთან ლიგისა და ევროპალიგის შეხვედრებს - ზესტაფონში უნგრულ „დიორი ეტოს“, ჩრდილოირლანდიურ „ლისბურნს“, შვედურ „ჰელსინგბორგს“, სან-მარინოს "ფაეტანოს ", სლოვაკურ „დუკლასა“ და „სპარტაკს“, უკრაინულ „კარპატის“, მოლდავურ „დაჩიასა“ და "ზმიბრუს", აზერბაიჯანულ „ნეფტჩისა“ და "გაბალას", კვიპროსულ „ანორთოსისსა“ და "ომონიას"; თანაც ისე, რომ სტადიონი და მისი ადმინისტრაცია ასეთი მნიშვნელობის საპასუხისმგებლო გამოცდას თავს ყოველთვის დიდებულად ართმევდა.
უეფას ევროპალიგის საშინაო მატჩები სწორედ ზესტაფონში გამართეს ეროვნული თასის გათამაშების 2011 წლის გამარჯვებულმა „გაგრამ“, 2015 წლის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ", 2016 წლის ვიცე-ჩემპიონმა "სამტრედიამ" და მეოთხეადგილოსანმა საჩხერის "ჩიხურამ". ოთხიდან სამმა ქართულმა კლუბმა "დავით აბაშიძეზე" ძალიან სასიამოვნო და გარკვეულწილად სენსაციური გამარჯვებები მოიპოვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 2016 წლის 22 ნოემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის 2016 წლის (საშემოდგომო) გათამაშების ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთის წინაშე ქუთაისის "ტორპედო" და მარტვილის "მერანი" წარდგებიან, გაიმართება. შედეგად, ჩვენი ქალაქის მთავარი არენა გახლავთ ქვეყნის მეოთხე სტადიონი, რომელსაც ეროვნული თასის ფინალის მასპინძლობის პატივი ერგო...
ზესტაფონში კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონის სახით გაჩნდეს ახალი ნათელი წერტილი!
ნიკოლოზ ჩუბინიძის ფოტოები |