01.09.2017
"ზესტაფონმა" ლიდერობა განიმტკიცა
მიმდინარე წლის 1 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეხუთე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
თბილისის "ლოკომოტივის" ჩვიდმეტწლამდელთა კოლექტივი ამ ასაკობრივ კატეგორიაში შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გახლავთ. რკინიგზელთათვის საჩემპიონო წინა სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ზესტაფონელები და თბილისელები ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ და ერთმანეთთან შეხვედრებში თითო მოგება-წაგება გაცვალეს - საგურამოში გამართულ ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში თბილისელებმა სეზონისათვის სპონტანურ რეჟიმში მომზადებული სტუმრები 11-0 გაანადგურეს, ხოლო ზესტაფონში გამართულ მეორე წრის სასტარტო დაპირისპირებაში მასპინძლებმა ანგარიშით 3-2 მოახერხეს მომავალი ჩემპიონის დამარცხება...
რკინიგზელებმა წლევანდელი სეზონის პირველ ეტაპზეც დამაჯერებლად იასპარეზეს და, ზესტაფონელთა მსგავსად, შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე პირველობა არავის დაუთმეს. რაც შეეხება "ოქროს ლიგის" გათამაშებას, ტურნირის საწყის ორ ტურში ქობულეთის "შუქურას" და თბილისის "35-ე საფეხბურთო სკოლის" კოლექტივების ერთნაირი ანგარიშით 3-0 დამარცხების შემდეგ, რკინიგზელები მომდევნო მატჩში გაგრელებთან ფრეს 2-2 დასჯერდნენ და დღევანდელი მატჩის წინ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება "ოქროს ლიგის" მეხუთე ტურის დღევანდელ შეხვედრას, მისი პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა - სტუმრები ბურთზე კონტროლის დამყარებასა და ტერიტორიის დაუფლებას ლამობდნენ, ხოლო მასპინძლები მათ მცდელობებს სწრაფი და საკმაო ხიფათის შემცველი კონტრაქციებით პასუხობდნენ. ანგარიშის გახსნა მაინც სტუმრებმა მოახერხეს - მიმდინარეობდა 31-ე წუთი, როდესაც თბილისელებმა კარგი შეტევა წამოიწყეს და ნიკოლოზ ნადარეიშვილმა ლამაზი მოჭრილი დარტყმით თავის გუნდი დააწინაურა.
შეხვედრის პირველი ნახევარი თითქოს "ლოკომოტივის" უპირატესობით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლო, 40-ე წუთზე რკინიგზელებს მასპინძელთა სწრაფი იერიში გამოეპარათ და გიორგი ხუჯაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ შოთა შეყილაძემ ბურთი ჯერ სტუმართა გოლკიპერს თავზე გადაუგდო, შემდეგ კი მცველებთან ორთაბრძოლაში მისი ცარიელ კარში თავით გადაგზავნაც მოახერხა ...
მეორე ტაიმი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და 49-ე წუთზე, ბესო ფერაძის ოსტატური გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა შოთა შეყილაძემ წინ უკვე მარგველები გაიყვანა. სათამაშო უპირატესობას მასპინძლები კი ფლობდნენ, მაგრამ 54-ე წუთზე ანგარიში ისევ საყაიმო გახდა - გოგა კუხიანიძის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ზესტაფონელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა, ფრენის ტრაექტორია მკვეთრად შეიცვალა და მეკარე ლუკა გოგოლაძის კარის ბადეში გაეხვია...
თავის მხრივ, მოვლენათა ასეთ განვითარებას არც მასპინძელთა გუნდი შეეგუა და 61-ე წუთზე, ბესო ფერაძის მორიგი ზუსტი პასის შემდეგ, გოგა არაბიძემ წინ ისევ თავის გუნდი გაიყვანა. 73-ე წუთზე კი, თემო ბერაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, შოთა შეყილაძემ "ჰეთ-თრიკი" შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4-2.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელთა ჩვიდმეტწლამდელები 5 სექტემბერს გამართავენ - U17 "ოქროს ლიგის" მეექვსე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი ზუგდიდს ესტუმრება, სადაც სფფ-ს ადგილობრივი აკადემიის წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება...
|
01.09.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”ლოკომოტივი” (თბილისი) 4-2 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაჩეჩილაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, ბერაძე, ს. სამხარაძე, გ. სამხარაძე (ტალახაძე, 80), სხილაძე, მჭედლიძე (არაბიძე, 41), ბ. ფერაძე, შეყილაძე (ჟღენტი, 73).
|
ვიდეომასალა მოწოდებულია თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" პრეს-სამსახურის მიერ |