16.10.2016
სვლააკრებილი "ზესტაფონი" ლიდერსაც ამარცხებს
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის სასტარტო შეხვედრაში გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის "ლოკომოტივის" გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3-2 დაამარცხა...
17-წლამდელთა ჩემპიონატის მერვე ტურში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ადგილობრივი კლუბის ახალგაზრდული გუნდი თბილისელ რკინიგზელთა წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდა. დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა მეტოქე მიმდინარე ტურნირს დამაჯერებლად ლიდერობს - თბილისელებმა პირველობის პირველი წრე უდანაკარგოდ ჩაატარეს (7 გამარჯვება 7 მატჩში, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 30-1)...
თბილისელ თანატოლებთან შეხვედრის პირველი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე მატჩის დებიუტში, კერძოდ 4-ე წუთზე, ყვირილისპირელები წინ გავიდნენ - თანაგუნდელთა სწრაფი იერიში ზუსტი დარტყმით შოთა შეყილაძემ დააგვირგვინა.
ამის შემდეგ უკეთ ისევ ზესტაფონელები გამოიყურებოდნენ და რომ არა "ლოკომოტივის" გოლკიპერ კახა ტაბაღუას დამაჯერებელი თამაში, შეყილაძე თავის გუნდის უპირატესობას კიდევ უფრო დამაჯერებელს გახდიდა. 20-ე წუთზე კი, ყველასათვის მოულოდნელად, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - მოედნის სიღრმიდან თემურ გაბუნიას გარღვევას შორი მანძილადან მისივე უზუსტესი დარტყმული მოჰყვა...
მეორე ტაიმის დასაწყისი მასპინძელთათვის ძალიან რთული გამოდგა - 44-ე წუთზე თემურ გაბუნიას კიდევ ერთი ზუსტი დარტყმის შემდეგ წინ უკვე თბილისელები გავიდნენ. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ისინი არ გატეხა... მეტიც, გაშვებული გოლიდან სულ რაღაც ათიოდე წუთში გოგა არაბიძემ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა...
გატანილმა გოლმა მარგველებს ფრთები შეასხა და 61-ე წუთზე წინ ისევ ისინი გავიდნენ - გოგა არაბიძემ შორიდან ზუსტი დარტყმით დღევანდელ მატჩში "დუბლი" გაიფორმა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდა რკინიგზელებმა მასპინძელთა კართან ერთგვარი შტურმი კი მოაწყვეს, თუმცა ზესტაფონელთათვის განსაკუთრებულ ხიფათამდე საქმე აღარ მისულა...
შედეგად, ზემოიმერლებმა ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაც განიმტკიცეს და ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში რკინიგზელებთან განცდილი მტკივნეული მარცხისათვის ერთგვარი რევანშიც აიღეს - 3-2.
საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატი
ჭაბუკთა ლიგა U-17, ცენტრალური ზონა. მერვე ტური.
16 ოქტობერი. ზესტაფონი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საწვრთნელი ბაზა.
"ზესტაფონი" – "ლოკომოტივი" (თბილისი) – 3:2
"ზესტაფონი": გოგოლაძე, ბერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, მაცაბერიძე, სამხარაძე, აბჟანდაძე (ადამია, 48), არაბიძე, ჟღენტი (კაშია, 58), ბ. ფერაძე, შეყილაძე (ხოხიაშვილი, 67).
მთ. მწვრთნელი: გურამ მაზმიშვილი
"ლოკომოტივი": ტაბაღუა, ჯაფარიძე, გორგიძე, შალამბერიძე, მაღრაძე გოგია, ჯანაშია, რუხაძე, გაბუნია, ხარძიანი (ბეგაშვილი, 63), გობრონიძე (ნანობაშვილი, 63).
მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
გოლები: 1:0 შეყილაძე (4), 1:1 გაბუნია (20), 1:2 გაბუნია (44), 2:2 არაბიძე (54), 3:2 არაბიძე (61).
მსაჯი: კოტე გიორგაძე (სამტრედია).
|
|