Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 

 

 

 

 
 

 

 

 

პრეს-რელიზი

 

 

 

 

უკანასკნელ პერიოდში ქართული მედიის ფურცლებზე გამოქვეყნდა რამოდენიმე სტატია, რომელთა ავტორთა სურვილია ქართული ფეხბურთის ახალი (”ზესტაფონური”) საშიშროებისაგან ”ხსნა”. გაისმის სხვადასხვა სახის ბრალდებები და გაფრთხილებები მოსალოდნელი ”საფრთხეები”-ს შესახებ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ინფორმაცია ყოველივე ამასთან დაკავშირებით. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ქართული ფეხბურთი ცნობილ მიზეზთა გამო იმყოფება უსაშინელეს კრიზისში. ამას მოწმობს ეროვნული ნაკრებებისა და ქართული კლუბების მიერ უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე ნაჩვენები შედეგები. არავისთვის არ უნდა იყოს ახალი ის ფაქტი, რომ ქართულ ფეხბურთს ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად სასწრაფოდ სჭირდება ქმედითი და მიზანდასახული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენის ღრმა რწმენით, სწორედ ასეთი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ს.ფ.ფ.-ს ახლადარჩეული ხელმძღვანელობა, ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ნოდარ ახალკაცის მეთაურობით. როგორც მოგეხსენებათ, ს.ფ.ფ.-ს შემუშავებული აქვს ქართული ფეხბურთის განვითარების 6-წლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ფეხბურთის დონის სულ სხვა ხარისხობრივ კატეგორიაში აყვანას. ამისათვის საჭიროა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების გზით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება, ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა, ამ ფეხბურთელების ჭეშმარიტ პროფესიონალებად ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის უმთავრესი გუნდის შედეგებზე.

მოგახსენებთ, რომ ზესტაფონში წელიწადზე მეტია რაც დაიწყო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა. ალბათ დაგვეთანხმებით იმაში, რომ შესაბამისი ”ბაზისი”-ს გარეშე ფეხბურთში წარმატებაზე ფიქრიც კი ელემენტარული უვიცობაა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს სპონსორებს სადღეისოდ კლუბის მეურნეობის შენების საქმეში უკვე ჩადებული აქვთ 1,5 მილიონ დოლარამდე. საუბარია ახალი მოედნების დაგებაზე, სტადიონის რემონტზე, ბაზის მშენებლობაზე და ა.შ.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, იზიარებს რა ქართული ფეხბურთის განვითარების 6-წლიან პროგრამას, მიიჩნევს, რომ ქართული ფეხბურთის წინაშე მდგომი უმთავრესი ამოცანაა ნაკრების დონის ამაღლება. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან სწორი და მიზანდასახული მუშაოის წარმართვა და ახალგაზრდა თაობის ძლიერ ფეხბურთელებად ჩამოყალიბება. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”-სათვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ვითარება, როდესაც ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები კარიერას დაბალი დონის გუნდებში აგრძელებენ. ალბათ,მოგეხსენერბათ, რომ ჩვენს კლუბს არ გაუყიდია არცერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შემოთავაზებები იყო. ”ზესტაფონ”-ში მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდებმა რამოდენიმე წლის მანძილზე უნდა იმუშაონ სპორტული ოსტატობის დონის ამაღლებაზე, გამოადგნენ კლუბს, ნაკრებს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მათი გასხვისება მაღალი დონის, ვიმეორებთ - მაღალი დონის ევროპულ კლუბებში(და არა ისე, როგორც ეს ხდება ჩვენში დღეს). ჩვენ, საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი”, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ ტალანტების ჩალის ფასად გასხვისებას. ჩვენთან ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს ყველა პირობა საიმისოდ, რომ გახდეს მაღალი დონის პროფესიონალი და საბოლოოდ გამოადგეს ეროვნულ გუნდს.

ალბათ, დაგვეთანხმებით იმაში, რომ მაღალხარისხიანი, ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით დამზადებული, მშვენიერი ბუკეტის მქონე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ღვინო უფრო კონკურენტუნარიანი უნდა იყოს მსოფლიო ბაზარზე, ვიდრე სადღაც სააბაზანოში საღებავებითა და ფხვნილებით დამზადებული სუროგატი.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ ” ზესტაფონი”-ს მთავარი გუნდის ეროვნული ნაკრების ბაზაზე წინასასეზონო სამზადისს და ამის გამო ატეხილ მითქმა-მოთქმას , მოგახსენებთ, რომ კლუბი იხდიდა ბაზაზე ცხოვრებისა და მზადების საკმაოდ სოლიდურ საფასურს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი” მომავალშიც აპირებს ს.ფ.ფ.-სთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი”-სათვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ქართული ფეხბურთის სამსახური, კერძოდ ის , რომ ქართველმა ფეხბურთის მოყვარულებმა ბოლოს და ბოლოს ვიხილოთ ეროვნული ნაკრებირომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მზად ვართ თავდაუზოგავი შრომისათვის.

საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანაა, კარგად ცნობილი ფაქტია. ის, რომ ერთ-ერთი იმერული ქალაქის გუნდი ცდილობს თავის დამკვიდრებას ქართულ საფეხბურთო ელიტაში და ამისათვის ატარებს აქტიურ საკადრო პოლიტიკას, მიჩნეულია სხვადასხვა ”ბოროტების” პირველწყაროდ. არადა მაშინ, როდესაც რამოდინიმე წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის ბედს მძიმე ტექნიკაზე ამხედრებული, საფეხბურთო მოედნისაკენ ავტომატმომარჯვებული შეიარაღებული პირები წყვეტდნენ- თავის დროზე ”ნორმად” იქნა მიჩნეული. სხვათაშორის, დამოუკიდებელ მედიას დღემდე (?!) არ გაუშუქებია მაშინდელი მოვლენები.

რაც შეეხება ქართული ფეხბურთის ”გაზესტაფონლობით” შეძრწუნებულ ავტორებსა თუ რესპოდენტებს, გვინდა მოგახსენოთ, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება იმის შესახებ, რომ ”ზესტაფონი” სხვა კლუბებს ვიღაც ფეხბურთელებს ართმევს- რბილად რომ ვთქვათ, ცილისწამებაა. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და ქუჩური ლექსიკით საუბარი, ჩვენის აზრით, საკმაოდ უხერხულია.

ჩვენ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, ვართ ნებისმიერი სადაო საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადასაწყვეტად. არცერთი იმ ფეღბურთელთაგანი, ვინც სადღეისოდ ჩვენს კლუბში ირიცხება, არანაირი ვალდებულებებით სხვა კლუბებთან არ იყო დაკავშირებული. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ხომ თავის დროზე პირველი ლიცენზირებული ფიფა-ს აგენტი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ამდენად რაღაც სამართლებრივ ”ლაფსუსებ”-ზე საუბარიც სასაცილოა.

ჩვენი დიდი სურვილია, ყველა ერთად -სპეციალისტებიც, ჟურნალისტებიც, რიგითი გულშემატკივრებიც ერთმანეთს ფეხბურთის სიყვარულში შევეჯიბროთ. მითუმეტეს, რომ კარს XVII-ე ეროვნული ჩემპიონატიც მოგვადგა.

2005 წლის ივლისი.

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005