|
გიორგი განუგრავა - მოტყუებული ბიჭი თუ საშიში პრეცედენტი ?
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ს საფეხბურთო მეკობრეობასთან ბრძოლა სამართლებრივ ჭრილში გადააქვს.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისათვის კარგადაა ცნობილი გიორგი განუგრავას სახელი. ამ ნიჭიერმა ბიჭმა ყველა ჩვენგანს თავი დაგვამახსოვრა ჯერ ფანტასტიური წარმატებებით, ეროვნულ ნაკრებში სისტემატიური გამოძახებებით, შემდგომ კი საფეხბურთო სამყაროდან გაუჩინარებითა და წარმატებულად დაწყებული კარიერის ფაქტობრივი კრახით.
სპორტულ მედიაში უკანასკნელი თვეების მანძილზე გაჟღერდა მრავალი ვარაუდი გიორგი განუგრავას, გადამეტების გარეშე, ტრაგიკული საფეხბურთო ბედ-იღბლის მიზეზების შესახებ. თუმცა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერიდებოდა ამ პოლემიკაში ჩართვას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კლუბს, რომელმაც მიიღო დიდი მონაწილეობა გიორგის, როგორც პროფესიონალი მოთამაშის ჩამოყალიბებაში, არ სურდა ახალგაზრდა კაცისა და სპორტსმენის უკუღმა დატრიალებული სპორტული ცხოვრების გამო შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება.
თუმცა, ვშიშობთ რა, რომ გიორგი განუგრავას მდგომარეობა ქართული ფეხბურთისათვის საშიშ პრეცედენტად არ ჩამოყალიბდეს, გვსურს, ყოველივე ამასთან, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ.
მაშ ასე, გიორგი განუგრავას საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან მოქმედი შრომითი კონტრაქტი 2007 წლის თებერვალში ეწურებოდა, ფეხბურთელის გადაბირება დასავლეთ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების კლუბებს სურდათ. და სწორედ იმ დროს, როდესაც კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, როდესაც ევროპული კლუბების წინადადებებთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართებოდა, საქმეში ”ჩაერთვნენ” ადამიანები , რომლებსაც საფეხბურთო აგენტის ლიცენზიაც კი არ გააჩნდათ. ამ ბატონებმა შეაგულიანეს ახალგაზრდა, გამოუცდელი კაცი, შეჰპირდნენ მას ”ოქროს კოშკების აშენებას”, რაღაც ”მითიურ” კლუბებში მოწყობას და კარიერის წარმატებულ გაგრძელებას. ხოლო ამ ”ზრუნვა-აქტიურობის” რეალური შედეგი კი გახლავთ ის, რომ გიორგი განუგრავა, საერთოდ უფეხბურთოდ რჩება წლისა და 2 თვის მანძილზე.
ზემოთ ვახსენეთ საშიში პრეცედენტის წარმოქმნის საშიშროება - იგი სულაც არ მდგომარეობს იმაში, რომ საფეხბურთო კლუბმა იმედისმომცემი ფეხბურთელი დაკარგა, არც იმაში, რომ გუნდმა მატერიალურად იზარალა (მითუმეტეს, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” აუცილებლად მოითხოვს იმ კლუბისაგან, რომელიც გიორგი განუგრავას შეძენას მოისურვებს, კანონიერ კომპენსაციას). საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთელის ბედი ხელთ ჩაუვარდა არაპროფესიონალებს, რომელთაც ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური ინტერესები. მსგავს სიტუაციაში შესაძლოა ნებისმიერი ქართული კლუბი და მისი აღზრდილი მოთამაშე აღმოჩნდეს. ქართულ ფეხბურთში, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მსგავსი ავანტიურისტების თარეში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. სწორედ ამის გამო, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უახლოეს მომავალში აპირებს საფეხბურთო მეკობრეებთან ბრძოლის სამართლებრივ ჭრილში გადატანას.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური.
P.S. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი განუგრავას, მოგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ყველა წევრისათვის გიორგის წინსვლა და ნებისმიერი წარმატება მხოლოდ სიხარულის მომტანი იქნება.
29 . 01 . 2008 წ.
-5- |
|