Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 

     
 

 

 

 

 

ღია წერილი
გაზეთების ”ასავალ-დასავალი”-ს,  ”სარბიელი”-ს,  ”სპორტი”-ს, ”ოლიმპი”-ს, ჟურნალ ”სპორტსიახლენი”-ს რედაქციებს

 

 

 

უკანასკნელ პერიოდში ქართული მედიის ფურცლებზე გამოქვეყნდა მთელი რიგი პუბლიკაციები, რომელშიც ბოლო  დრომდე დანიაში მცხოვრები და თავის დროზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში  მომუშავე მამუკა კვარაცხელია გვესაუბრება ქართულ ფეხბურთში დღესდღეობით არსებულ სიტუაციაზე. ჩვენ სულაც არ მიგვაჩნია, რომ ბატონი მამუკას აზრები წარმოადგენენ ”უკანასკნელი  ინსტანციის ჭეშმარიტებას”, ამდენად არ შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ ამ პუბლიკაციებში მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ინტერვიუს ზემოთნახსენებ პიროვნებასთან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ”ასავალ-დასავალი”-ს 6-12 ნოემბრის (№ 45) ნომერში.
ამ ინტერვიუებში ბატონი მამუკა, რომელიც ჯერ კიდევ ნოდარ ახალკაცი-უფროსის პრეზიდენტობის ხანიდან ცნობილია, როგორც ”დაკვეთების” შემსრულებელი, როგორც არაადექვატური და არაკომპეტენტური პიროვნება (რასაც მოწმობს თუმდაც გიორგი ფოფხაძისათვის მის მიერ დანიაში ”ორგანიზებული ტრანსფერი”, რის შედეგადაც ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი ულუკმაპუროდ ქუჩაში იქნა მიტოვებული)  ამცნობს ქართულ საზოგადოებას იმის შესახებ, რომ ქართულ ფეხბურთს რეალურად მართავს ბატონი ილია კოკაია (ამავდროულად საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეზიდენტი), რომ მიმდინარეობს ქართული ფეხბურთის ”ზესტაფონიზაცია”, კერძოდ კი, ქართული ფეხბურთი ს.კ. ”ზესტაფონი”-ს სამსახურშია ჩაყენებული და ერთი კონკრეტული კლუბის ლოკალური ინტერესები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უფრო ღირებულად მიაჩნია, ვიდრე მთლიანობაში ქართული ფეხბურთის წინსვლა და განვითარება.
თავის სიტყვების გასამართლებლად რესპონდეტს მოჰყავს მთელი რიგი ”არგუმენტები”,
რომელთა თანახმად ქართულ ფეხბურთს თურმე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეზიდენტი მართავს. არადა , ბატონი ილია ”საჭირო ფეხბურთელების სიების” მთავარი მწვრთნელებისათვის მიწოდებას საკუთარ კლუბშიც კი არ კადრულობს, ეროვნულ ნაკრებზე რომ არ ვისაუბროთ.
ჩვენ სულაც არ ვაპირებთ ბატონი კვარაცხელიას მიერ გაჟღერებულ აბსურდთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლას, მაგრამ  გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გაოცება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერ  ზემოთქმულზე  ლაპარაკობს ადამიანი, რომლის ქართულ ფეხბურთში  მოღვაწეობაც  დაკავშირებულია იმ პერიოდთან, როდესაც ის მართლაც ინგრეოდა და რის    შედეგებსაც დღემდე ვიმკით.  თუმცა, ბატონი კვარაცხელია იმ პერიოდს  ”რუდუნებით შენების ხანად”  მოიხსენიებს.
საბედნიეროდ, დღესდღეობით ს.ფ.ფ.-ს ძალისხმევით ჩვენი  ქვეყნის ფეხბურთში დასრულებულია ის უძრაობის ხანა,  რომელსაც ასე მისტირის ბატონი კვარაცხელია - საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მუშაობს  უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი, გარემონტდა ეროვნული სტადიონი, ნაკრების თამაშში ხანგრძლივი რეგრესის შემდეგ ჩნდება იმედისმომცემი ნიშნები, მიმდინარეობს  საფეხბურთო კლუბების და მათი ინფრასტრუქტურის  განვითარება გლდანში, რუსთავში, საჩხერეში, ზესტაფონში, სპორტზე ფიქრით დაკავებულია ასეულობით ბავშვი და ა.შ. 
რაღა თქმა უნდა, წინ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ იმის არდანახვა, რომ საქმე ადგილიდან დაიძრა, მხოლოდ ბატონ კვარაცხელიას თუ შეუძლია.
სწორედ ამ გარემოებების გამო, ყველაზე დიდ საშიშროებად მივიჩნევთ არა ბატონი კვარაცხელიას ყბედობას, არამედ  იმას, რომ მის უკან დგანან ის ძალები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობაში, რომელთაც ამოძრავებთ ”რევანში”-ს წყურვილი,  განუზრახავთ ქართულ ფეხბურთის განვითარების შეჩერება და  ამ ქვეყნის ფეხბურთის თავის ინტერესებისადმი დაქვემდებარება.
საქართველოს არცთუ შორეულ ისტორიაში ჩვენ გვახსოვს მაგალითი იმისა, თუ როგორ დაამკვიდრა საზოგადოების გარკვეულმა  ჯგუფმა  ქართულ ცნობიერებაში ტერმინი ”მეგრელიზაცია”. მაშინ ამ ადამიანებმა გაილაშქრეს ამ ვითომდა საშიშროების წინააღმდეგ, რის გამოც  ქვეყანამ მიიღო კატასტროფული შედეგები: სამოქალაქო დაპირისპირება, ომი, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, სრული ვაქხანალია. არადა, ერთადერთი,რაც ამ ადამიანთა ჯგუფს ამოძრავებდა, იყო სურვილი ისტორიის ქარიშხლებში დაკარგული კეთილდღეობის დაბრუნებისა.
ისტორია ხშირად მეორდება და დღეს ჩვენ ვართ მომსწრენი სიტუაციისა, როდესაც  ტერმინ ”მეგრელიზაციის” ავტორთა იდეური შთამომავლები კვლავ ცდილობენ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. მართალია, დღეს მასშტაბებია უფრო მოკრძალებული. საბედნიეროდ, დღეს საქმე გვაქვს რევანშის მცდელობასთან მხოლოდ საფეხბურთო ”ოჯახში” და არა მთელ სახელმწიფოში,  თუმცა მოქმედების სტილი და მანერა რჩება აბსოლუტურად უცვლელი . მათი აზრით,  დღეს საქართველოს (ქართულ ფეხბურთს) ემუქრება ახალი საშიშროება, კერძოდ კი ”ზესტაფონიზაცია” (როგორია!!!) , რომლის წინააღმდეგაც უნდა გაილაშქროს ფეხბურთის ყველა მოყვარულმა.
ეს უკვე იყო, ბატონებო!
ეს აღარასდროს განმეორდება!
საქართველოს კარგად ახსოვს ბატონ ნოდარ ახალკაცი-უფროსის (რომელიც სულაც არ იყო ზესტაფონელი, როგორც ამას ბატონი კვარაცხელია ამტკიცებს) და იმ ადამიანთა (როგორც გვახსოვს, მათ შორის იყო ბატონი კვარაცხელიაც)  ურთიერთობის შესახებ, რომელთა ”დამსახურებაცაა” ის , რომ დღეს ეს დიდი მწვრთნელი, პატრიოტი და  უდიდესი ქართველი,  ჩვენს გვერდით აღარაა. მაშინ ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ სწორედ ის, რომ ბატონი ნოდარი ყოველთვის პრინციპული და უმართავი ( განსხვავებით ბატონი კვარაცხელიასაგან! ) გახლდათ.
ჩვენ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს გულშემატკივრებს , მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საყვარელი გუნდი არაერთგზის დაზარალებულა იმის გამო, რომ ყოველთვის საკუთარ ინტერესებზე მაღლა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისა და საერთოდ ქართული ფეხბურთის ინტერესებს აყენებდა (და, დარწმუნებულები ვართ, შემდგომშიც იმოქმედებს სწორედ ქართული ფეხბურთის სასარგებლოდ)   გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, კონკრეტულად  კი, ფედერაციის პრეზიდენტის და მის მიერ აღებული კურსის სრული მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ გვწამს, რომ სწორედ ასეთი პრინციპულობის, პატიოსნებისა  და საქმისადმი ერთგულების ვითარებაში ქართული ფეხბურთი შესძლებს სწორ განვითარებას და ახალი, აქამდე მიუწვდომელი სიმაღლეების დაპყრობას.
რაც შეეხება ბატონ კვარაცხელიას... ჩვენ  ვეპატიჟებით მას ზესტაფონში, სადაც სტადიონი ყოველთვის სავსეა, რათა მან შესძლოს დანახვა იმისა ,  თუ რა შეიცვალა ქართულ ფეხბურთში სასიკეთოდ  მას შემდეგ ,რაც მან და მისმა მეგობრებმა ”რუდუნებით ააშენეს ქართული ფეხბურთის შენობა”.
და ბოლოს,  ბატონი კვარაცხელია თავის ინტერვიუში საუბრობს შექსპირზე და აკეთებს კლასიკოსის სიტყვების ”პერიფრაზ”-ს: ”ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტია”. ჩვენ, ამ წერილის ავტორები, მას ასევე კლასიკოსების სიტყვებით შევეხმიანებით : ” ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი” და ბოლოს, რაღა თქმა უნდა ” ბოროტსა სძლია კეთილმან ” ...

08.11.2006 წ .

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს გულშემატკივართა კლუბი

-7-

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005