|
გაზეთ ”ლელო”-ს რედაქციას
ასლები: გაზეთ ”სარბიელი”-ს რედაქციას, გაზეთ ”ოლიმპი”-ს რედაქციას
წერილი
პატივცემულო ბატონებო!
გაზეთ ”ლელო”-ს 2007 წლის 1 სექტემბრის (№ 206) ნომერში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით ”ფეთქებადი ზესტაფონი”, რომელშიც ავტორი დავით კოხრეიძე გაზეთის მკითხველს მოუთხრობს 2007 წლის 31 აგვისტოს გამართულ საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”-სა და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივი”-ს კოლექტივები დაუპირისპირდნენ.
ხსენებული სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი მოგვითხრობს ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის შესასვლელში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, იმაზე, რომ მას შეექმნა გარკვეული პრობლემები სტადიონის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, იგი საკმაოდ არაკორექტულ ფორმაში მოიხსენიებს კონკრეტულ პიროვნებებს, რომელთა გამოც (მისი აზრით) მას მცირედი ”დისკომფორტი” შეექმნა.
მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილებით, საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად, საჭიროა ბილეთის შეძენა.
ჩვენის აზრით, სპფლ-ს გადაწვეტილება მიზნად ისახავს საქართველოს საფეხბურთო ”მეურნეუბაში” ცივილიზებულ სამყაროში მიღებული ნორმების დანერგვას, კლუბებისათვის გარკვეული შემოსავლის წყაროს გამოძებნას, რაც მეტად მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც კლუბებს უწევთ დიდძალი თანხების დახარჯვა სტადიონებისა და საფეხბურთო მოედნების შესანახად.
ცხადია, რომ სპფლ-ს გადაწვეტილების ხორცშესასხმელად ზესტაფონის არენაზე, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქების სტადიონებზე, გამკაცრებულია სტადიონის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებზე კონტროლი.
როგორც მოგეხსენებათ, მას-მედიის წარმომადგენელთა სტადიონზე მოსახვედრად საჭიროა სულ მარტივი რამ - ჟურნალისტმა უნდა გაიაროს აკრედიტაციის პროცედურა. მინდა გითხრათ, რომ დღემდე არც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახურს და არც ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციას არ მიუღია არცერთი განცხადება, რომელშიც წერითი, ბეჭდვითი ან ელექტრონული მედიის წარმომადგენელს საფეხბურთო სეზონის მატჩებზე დასასწრებად აკრედიტაციის სურვილი ექნებოდა გამოთქმული.
რაც შეეხება ზემოთნახსენებ სტატიას, მის ავტორს და ავტორის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, მინდა მოგახსენოთ, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ადმინისტრაციაც და პრეს-სამსახურიც ყოველთვის ითვალისწინებდნენ და მომავალშიც გაითვალისწინებენ ”ჟურნალისტური შრომის” მნიშვნელობას (ამის დასტურად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს კეთილი ნებითა და სურვილით, მიმდინარე წლის 23 ივნისს მოწყობილი ბატონი დავით კოხრეიძის და ჟურნალისტთა ჯგუფის ყაზახური ვოიაჟიც გამოდგება).
ვფიქრობთ, რომ ჟურნალისტის ”კალმის” უზენაესი დანიშნულებაა ის, რომ უარყოფითი მოვლენების კრიტიკასთან ერთად, დაინახოს ის სასიკეთო მოვლენები, რომელნიც მომავალში სიკეთის ” ნაყოფს” მოიტანენ. მცდელობა იმისა, რომ ჩვენს ფეხბურთს მოწესრიგებული, ცივილიზებული და ორგანიზებული სახე დავუბრუნოთ, ჩვენის აზრით, სწორედ ასეთების კატეგორიას მიეკუთვნება.
და ბოლოს, ერთხელაც შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მუშაობის მსურველ ჟურნალისტებს ესაჭიროებათ აკრედიტაცია. ვიმედოვნებ, რომ მომავალში მსგავს გაუგებრობას აღარ ექნება ადგილი და შემდგომში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის საჭიროების საკითხზე პოლემიკას უადგილოდ მივიჩნევთ.
პატივისცემით,
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს
პრეს-ატაშე, სერგო ფუტკარაძე 02 . 09 . 2007 წ.
-6- |
|