Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 

 

 

 

 
 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახურის განცხადება.

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 12 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა მიმართა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგას ოფიციალური წერილით, რომელშიც გუნდი იტყობინებოდა, რომ უსახსრობის გამო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშებაში ვეღარ იასპარეზებდა.

უნდა ითქვას, რომ ფინანსური ხასიათის პრობლემების პარალელურად, ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახლდათ ისიც, რომ ქართულ საფეხბურთო ოჯახში დაგროვდა მთელი რიგი პრობლემატური საკითხებისა, რომელთა დღემდე მოუგვარებლობაც მეტად აფერხებს ქართული ფეხბურთის წინსვლა-განვითარების საქმეს. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ხელმძღვანელობის ღრმა რწმენით, ზემოთნახსენები პრობლემატიკის მოგვარებისათვის საჭიროა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის, საფეხბურთო კლუბებისა და სპორტული საზოგადოებრიობის ერთობლივი ძალისხმევით განხილულ, შემუშავებულ და სასწრაფოდ ხორცშესხმულ იქნას მთელი რიგი ინიციატივებისა და ღონისძიებების, რათა ჩვენი ქვეყნის ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ”თავისუფალი ვარდნის ” ტენდენცია და ქართულმა კლუბებმა თავი დაცულად იგრძნონ.

ზემოთნახსენები გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მესვეურნი და დაარწმუნეს ისინი, რომ ხსენებული ორგანიზაციები მზად არიან ქართულ საფეხბურთო სამყაროში დაგროვებული საჭირბოროტო საკითხების მოგვარებისათვის შემუშავებულ იქნას მთელი კომპლექსი ინიციატივებისა, რომლის დახმარებითაც ქართული ფეხბურთი შვებას იგრძნობს.

სწორედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელთა ამ საკითხების მოგვარებაში თანადგომისა და მხარდაჭერის იმედად, გაიმართა კლუბის დამფუძნებელთა საქმიანი შეხვედრა, რომელზეც იქნა განხილული შექმნილი ვითარება და ექსტრემალურ რეჟიმში იქნა გამონახული ფინანსური სახსრები საიმისოდ, რომ გუნდმა გააგრძელოს მონაწილეობა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უღრმეს მადლობას უხდის გუნდის გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებს და სპორტის ქართველ ქომაგებს ამ მძიმე დღეებში თანადგომისა და მხარდაჭერისთვის!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური.

15 . 02 . 2008 წ.

-4-

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005