Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვებით დასრულებული სეზონი

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" დასკვნითი, რიგით მეთვრამეტე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ვანის "სულორს" უმასპინძლა.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ მეტოქეებს შორის ვანში გამართული პირველი ეტაპის შეხვედრა ზესტაფონელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპის პირველი წრის ასევე ვანში ჩატარებული მატჩი მასპინძელმა "სულორმა" ანგარიშით 3-2 მოიგო. ამ ბოლო შეხვედრაში ისედაც სერიოზული საკადრო პრობლემებით შეწუხებული ზესტაფონელების გატეხვა ვანელებმა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს, რაც მსაჯის გადაწყვეტილებით სტუმრები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. რა გასაკვირია, რომ მარგველებს იმ მარცხის გამო რევანშის აღება სწყუროდათ და მათ ამის გაკეთება საბოლოოდ მოახერხეს კიდეც...

 

გუნდებმა მატჩი მცირე დაზვერვით დაიწყეს და საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მე-19 წუთზე კი მოულოდნელად ანგარიში სტუმრებმა გახსნენს - ვანელთა კარგი კომბინაცია საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით "სულორის" შემტევმა ბექა სულაბერიძემ დააგვირგვინა.

 

ანგარიშის გასათანაბრებლად ზემოიმერლებს ზუსტად 7 წუთი დასჭირდათ - 26-ე წუთზე ზესტაფონელთა მიერ განხორციელებული სანიმუშო შეტევა საშუალო მანძილიდან ზუსტი დარტყმით ბესო ფერაძემ დაასრულა. შეხვედრის პირველი ნახევარიც ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

 

მეორე ტაიმში მასპინძლები სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 65-ე წუთზე ზესტაფონელები წინ მაინც გავიდნენ - ვანელთა საჯარიმოში ლაშა ბუბულაშვილის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად თორნიკე ახვლედიანმა აქცია. ახალგაზრდა ფორვარდისათვის ეს გახლდათ "ზესტაფონის" მაისურით გატანილი 14-ე გოლი.

 

ტურნირის გამარჯვებულის რანგში ზესტაფონში ჩასული ვანელებისთვის უშუალო კონკურენტთან დაპირისპირებაში მარცხის პერსპექტივა საკმაოდ მტკივნეული გამოდგა. მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმრები ბევრს კამათობდნენ და ხშირად აპელირებდნენ მსაჯთან, რამაც ვითარება მოედანზე ოდნავ დაძაბა...

 

საბოლოოდ სიტუაცია მატჩის 90-ე წუთზე დამშვიდდა - შეტევის მარცხენა ფლანგიდან ზესტაფონელთა კარგი შეტევა თორნიკე ახვლედიანის გადაცემით და ბესო ფერაძის მიერ მეკარისაგან მარცხენა კუთხეში შესრულებული ზუსტი მოჭრილი დარტყმით დაგვირგვინდა (ბესო ფერაძისათვის ეს სეზონში გატანილი მე-15, ხოლო მისი გუნდისთვის მე-100 გოლი გახლდათ). შედეგად, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

 

საინტერესოა, რომ სეზონის განმავლობაში ზესტაფონელებმა ვანელებს გუნდებს შორის გამართული 3 შეხვედრიდან 2 მოუგეს, ორივე გუნდმა ჯამში ქულათა თანაბარი რაოდენობა (65/65) დააგროვა, მარგველებმა "სულორთან" შედარებით ორჯერ ნაკლები მარცხი განიცადეს (2/4) და მეტოქეთა კარის დალაშქვრა ოპონენტთან შედარებით 32-ით მეტით (100/68) მოახერხეს. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ჩემპიონატის ჩატარების შესახებ დებულების თავისებურებათა გათვალისწინებით, ზედა ეშელონის საგზური მაინც ვანელმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს...

 

27.11.2019. ”ზესტაფონი” - ”სულორი” (ვანი) 3-1

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, სვიანაძე, ჭურაძე, ბუბულაშვილი, გაჩეჩილაძე, ზაქარაშვილი, გოგობერიშვილი, ბ. ფერაძე (ბერაძე, 90), ახვლედიანი.

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019