13.11.2019
მორიგი გამარჯვება დიდი ანგარიშით
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთექვსმეტე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" აბაშის "ზანას" უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ მეტოქეებს შორის აბაშაში გამართული პირველი წრის შეხვედრა მასპინძელი "ზანას" ფეხბურთელთა სენსაციური გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. შესაბამისად, მარგველებს იმ მარცხის გამო რევანშის აღება სწყუროდათ და მათ ამის გაკეთება საბოლოოდ მოახერხეს კიდეც...
პირველი ტაიმი საკმაოდ უღიმღამოდ წარიმართა - მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აბაშელთა კართან შექმნილ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. თავის მხრივ, სტუმრები უპირველესად საკუთარი კარის უსაფრთხოების უზრუნველყოფით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო კონტრაქციების განხორციელების მათი რამდენიმე მცდელობა უშედეგო გამოდგა.
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი მასპინძელთა მიერ "ზანას" კართან წარმოებული შტურმით დაიწყო, სტუმრები კი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებს ვეღარ სცილდებოდნენ. სულ მალე აბაშელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ - საჯარიმოს ხაზთან მცველმა გიორგი ზირაქაძემ აკრძალული ხერხით იმერელთა ფორვარდი თორნიკე ახვლედიანი შეაჩერა და მატჩის არბიტრმა აბაშელთა მცველს მოედანი "ბოლო იმედის ჯარიმის" გამო ნაადრევად დაატოვებინა.
ანგარიში ამ ეპიზოდიდან ორიოდე წუთში გაიხსნა - 58-ე წუთზე, კუთხურის ნიშნულიდან სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, კარის მიმართულებით სახიფათოდ ურტყავდა კობა გოგობერიშვილი, მეკარე მერაბ ცომაიამ ეს დარტყმა კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას შოთა ვარდოსანიძემ დაასწრო და უძლიერესი გასროლით ბურთი სტუმართა კარის ბადეში გაახვია.
გაშვებული გოლის შემდეგ ისედაც კაცნაკლული სტუმართა გუნდი აირია და აბაშელთა დაცვის ხაზს საქმე მნიშვნელოვნად მოემატა. იმერელთა მიერ გაცუდებული რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის შემდეგ, ანგარიში ორამდე 75-ე წუთზე გაიზარდა - შეტევის მარჯვენა ფრთიდან თორნიკე ჭურაძემ მშვენიერი სოლო-რეიდიც განახორციელა და გოლიც თვითონ გაიტანა.
დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს, 88-ე წუთზე დაფიქსირდა - ამჯერად "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა პუბლიკამ მოედნის ცენტრიდან თორნიკე ახვლედიანის მიერ წარმოებული რეიდი და აკაკი დვალის მისამართით შესრულებული ზუსტი გადაცემა იხილა. ამ უკანასკნელს გოლი გატანა აღარ გასჭირვებია. "ზესტაფონის" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება დიდი ანგარიშით - ამჯერად 3-0.
მორიგ შეხვედრას ზემოიმერლები 20 ნოემბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" წალენჯიხას ესტუმრება და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ადგილობრივ "სქურს" დაუპირისპირდება...
|
13.11.2019. ”ზესტაფონი” - ”ზანა” (აბაშა) 3-0 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, სამხარაძე, ვარდოსანიძე, სვიანაძე, ჭურაძე, ბუბულაშვილი (ბ. ფერაძე, 70), გაჩეჩილაძე (ჩხიკვაძე, 88), ზაქარაშვილი, გოგობერიშვილი, ა. დვალი, ახვლედიანი.
|
ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |