Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.07.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ლეგენდარული ჰენრიკ ლარსონის სტუმრობა ზესტაფონში

 

 

 

 

 

დღეს ჩვენი კლუბის მიერ ევროთასებზე გამართული ერთი მატჩი გვინდა გავიხსენოთ - ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის 16 ივლისს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საშინაო არენაზე შვედეთის წარმომადგენელ ”ჰელსინგბორგს” დაუპირისპირდა...

 

ევროპალიგის 2009-2010 წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მარგველთა მიერ ჩრდილოირლანდიური ბარიერის დაძლევის შემდეგ, ზესტაფონს ეწვია კლუბი, რომლის ღირსებასაც ერთ დროს შოტლანდიური ”სელტიკისა” , კატალონიური ”ბარსელონასა” და ინგლისური ”მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი ფორვარდი, წლების მანძილზე ”ტრე კრუნურის” (შვედეთის ნაკრები) წამყვანი ფეხბურთელი, შოტლანდიური პრემიერლიგის, ესპანური პრიმერადივიზიონისა და ინგლისური პრემიერლიგის მრავალგზის გამარჯვებული, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის, "ოქროს ბუცის" (2001 წელი) და ჩემპიონთა თასის (2006 წელი) მფლობელი ჰენრიკ ლარსონი იცავდა. თავად ”ჰელსინგბორგი” კი იმერეთს საკუთარი ქვეყნის 6-გზის ჩემპიონისა და შვედეთის თასის 3-გზის მფლობელის რეგალიებით დამშვენებული ესტუმრა...

 

ასეთი სახელოვანი მეტოქისა და მის რიგებში მოასპარეზე მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის ფაქტორების გათვალისწინებით, ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი გუნდებს სავსე ტრიბუნებით შეეგება. შეხვედრის დასაწყისში მასპინძლებს სასტარტო ნერვიულობა ოდნავ ეტყობოდათ, თუმცა პირველი ნახევრის შუა წუთებისკენ მათ თამაშის დალაგება მოახერხეს. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმი მასპინძელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო - 62-ე წუთზე შვედებმა კარგად ისარგებლეს ზესტაფონელთა დაცვის შეცდომით და რასმუს იონსონმა თავის გუნდი წინ გაიყვანა. ზესტაფონელებმა 70-ე წუთზე გაათანაბრეს - გოლი მინდორზე 2 წუთის შესულმა ალექს ბენაშვილმა გაიტანა.

 

ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა იმერლებმა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საგოლე მომენტი გაატანეს ქარს. განსაკუთრებით დასამახოვებელი ნიკა გელაშვილის და ჯაბა დვალის გამოუყენებელი მომენტები გამოდგა. მომენტების განიავების გამო იმერლები მატჩის მიწურულს დაისაჯნენ - ჰენრიკ ლარსონმა, რომელიც 88 წუთი მასპინძელთა მცველებს საიმედოდ ჰყავდათ ამოკეტილი, 89-ეზე გატანილი გოლით ”ჰელსინგბორგს” ორრაუნდიანი დუელის პირველ მატჩში გამარჯვება მოუტანა - 1-2.

 

გუნდებს ერთი კვირის თავზე შვედეთში გასამართი მატჩი ელოდა... ჩვენ კი ზესტაფონში გამართული დაპირისპირების ფოტორეპორტაჟსა და სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ...

 

 

16.07.2009 - ”ზესტაფონი” - ”ჰელსინბორგი” (შვედეთი) 1-2

დაწვრილებით:

რას წერდა www.fczestafoni.ge მატჩის შესახებ:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019