2009 წლის 16 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა 2009-2010 წლების ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა. იმერლების მეტოქე შვედეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი - ”ჰელსინგბორგი” გახლდათ ...
მატჩის მონაწილე გუნდებს 4 000-ზე მეტი მასპინძელთა ქომაგი შეეგება. შეხვედრის დასაწყისში ზესტაფონელებს სასტარტო ნერვიულობა ეტყობოდათ, თუმცა პირველი ნახევრის შუა წუთებისკენ თამაშის დალაგება მოახერხეს. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა - იმერლებმა რამდენიმე საგოლე მომენტი ქარს გაატანეს. განსაკუთრებით გამოსაყოფია ნიკა გელაშვილისა და ჯაბა დვალის გამოუყენებელი მომენტები. საგოლე მომენტების განიავების გამო იმერლები მატჩის მიწურულს დაისაჯნენ კიდეც - ჰენრიკ ლარსონმა, რომელიც 88 წუთი მასპინძელთა მცველებს საიმედოდ ამოკეტილი ჰყავდათ, 89-ეზე გატანილი გოლით ”ჰელსინგბორგს” გამარჯვება მოუტანა.
”ჰელსინგბორგისა” და ”ზესტაფონის” განმეორებითი შეხვედრა ქალაქ ჰელსინგბორგის ”ოლიმპიას” სტადიონზე 23 ივლისს გაიმართება ...