Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.08.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": ქართულ-ბელგიური ბრძოლა თბილისში

 

 

 

 

 

დღეს ჩვენი საიტი "ზესტაფონის" მიერ ზუსტად 7 წლის წინ, 2011 წლის 18 აგვისტოს უეფას ევროპალიგის 2011-2012 წლების გათამაშების პლეი-ოფის რაუნდში გამართულ მატჩზე მოგითხრობთ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბელგიის 13-გზის ჩემპიონ "ბრიუგეს” თბილისში უმასპინძლა...

 

როგორც იცით, საქართველოსა და ბელგიის წარმომადგენელთა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იმერელთა სამწვრთვნელო შტაბში ცვლილება მოხდა - გუნდიდან მოულოდნელად წასული გია გეგუჩაძის ადგილი მისმა ასისტენტმა გიორგი ჭიაბრიშვილმა დაიკავა. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი მასზე დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას ღირსეულად გაუმკლავდა და თამაშისთვის გუნდი სათანადოდ, უპირველესად, ფსიქოლოგიურად მოამზადა...

 

გთავაზობთ სპორტული გამოცემა "მსოფლიო სპორტის" პუბლიკაციას, რომელიც ზესტაფონელთა და ბრიუგელთა მატჩს მიეძღვნა: "ევროპალიგის ფლეი-ოფში, "ზესტაფონმა" და "ბრიუგემ" გულშემატკივარს ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში შესთავაზეს. პირველ ტაიმში მსაჯის მიერ დაჩაგრულმა ქართველებმა, მიუხედავად ძალზე რთულ მდგომარეობაში ყოფნისა, ბოლომდე იბრძოლეს და მართალია დიდად ხელსაყრელი ანგარიში ვერ დააფიქსირეს, მაგრამ ის კი დაამტკიცეს, რომ "ბრიუგესთან" თამაში შეიძლება....

 

“ზესტაფონმა” სამი გოლი გაუშვა და ეს ძალიან ბევრია, მითუმეტეს, საშინაო მატჩის კვალობაზე. თუმცა, ამის მიუხედავადაც, გულშემატკივარმა ტაშით გააცილა იმერული კლუბი და ამ ტაშს ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ – მეორე 45 წუთში ნაჩვენები ფეხბურთისთვის, როცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის შეტევები ქარიშხალს დაემსგავსა.


და თუ ამას დავუმატებთ ავსტრიელ მსაჯთა არაობიექტურ ქმედებებს... არ ვაჭარბებთ, მათ გავლენა მოახდინეს მატჩის შედეგზე. დავიწყოთ იმით, რომ ნიგერიელმა ჟოზეფ აკპალამ ანგარიში როცა გახსნა, აშკარად თამაშგარეში იმყოფებოდა – გვერდით მსაჯს ეს უნდა დაენახა.


ამას დაუმატეთ წვრილ-წვრილი, თითქოს არაფრისმომცემი ჯარიმები – ლამის ყველა სადავო ეპიზოდში, არბიტრი ჰერალდ ლეხნერი “ბრიუგეს” სასარგებლოდ უსტვენდა. გვერწმუნეთ, ამით “ზესტაფონის” შეცდომებს არ ვამართლებთ და არც “ბრიუგეს” დაკნინება გვსურს, მაგრამ უთქმელობაც არ ივარგებს. ცხელ გულზე ნამდვილად არ ვწერთ.


აქვე, ვიდეოგამეორებაზეც კარგად ჩანს, რომ ანგარიშის გახსნამდე, მე-18 წუთზე ჯაბა დვალი მეკარე კოლინ კოსემანსთან კონტაქტისას წაიქცა და ეს ისეთი მომენტია, როცა პენალტის ალბათობა 50/50-ზეა. შესაძლოა, ზესტაფონელმა ფორვარდმა ვარდნა გააფორმა, ან თუნდაც განგებ წავიდა პენალტზე, მაგრამ კონტაქტი იყო და ესაა მთავარი. არბიტრს არ ჩაუსტვენია.


უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება: უჩვეულო კი იყო “ზესტაფონი” გია გეგუჩაძის გარეშე, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი ჭიაბრიშვილს ტაქტიკურ მონახაზში არანაირი ცვლილება არ მოუხდენია. ედიკ საჯაია კარგა ხნის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა იმერულ გუნდში და ეს აშკარად ეტყობოდა – მთლიანობაში, დაცვის ხაზი აშკარად მოისუსტებდა. როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე.


პირველ ტაიმში აკპალას გოლამდე მხოლოდ ერთი მომენტი იყო და ისიც აღვწერეთ – დვალის წაქცევა. რაც შეეხება ანგარიშის გამხსნელ გოლს, “ბრიუგემ” კარგი შეტევა წამოიწყო, ფლანგურ პასს კი აკპალა დაუხვდა და 0:1. აკი ვთქვით, თამაშგარე იყო. 31-ე წუთზე ბელგიელებმა ძალიან მარტივად გაითამაშეს ბურთი, მასპინძელთა მცველები სტატისტებად დარჩნენ და ლიორ რაფაელოვმა ახლო მანძილიდან 0:2 გახადა.


პირველი ტაიმი რომ დასრულდა, თითქოს არანაირი იმედი არ ჩანდა მატჩის გადარჩენისა, ბევრნი “ზესტაფონის” გამანადგურებელ მარცხსაც წინასწარმეტყველებდა...


მეორე ნახევარი ორივე გუნდმა ავანტიურულად დაიწყო, დაცვას აშიშვლებდნენ და შემტევებს სივრცე ეძლეოდათ. “ბრიუგეს” შევაქებდით, დაცვაში არ ჩამდგარა და მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე არ დაუწყიათ ფიქრი.


57-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის სახიფათო დარტყმული მოიგერია მეკარემ, ხოლო მალე გოლიც გავიდა: “ზესტაფონმა” ჯარიმა ჩააწოდა, თუმცა ამას ხეირი ვერ მოჰყვა, შეტევა გაგრძელდა, მინდორზე ახლად შესულმა ალექსი ბენაშვილმა კარგად გაუთამაშა ბურთი თორნიკე გორგიაშვილს, რომელმაც ფლანგიდან ჩააწოდა და ნიკა გელაშვილმა ათიოდე მეტრიდან შორეულ კუთხეში შეაგდო – 1:2.


ამან ფეროელებს ფრთები შეასხა და 64-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ბელგიელებმა საკუთარ ნახევარზე დაკარგეს ბურთი, რომელიც გორგიაშვილს მიუვიოდა, მერე კი დვალს და ჯაბამაც საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით შეაგდო – 2:2 და “ზესტაფონის” გაჩერება უკვე რთული იყო.


ბრიუგელებს აშკარად აერიათ თამაში და ელემენტარულ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. სწორედ ამ დროს იყო საჭირო გადამწყვეტი ზეწოლა და ამას “ზესტაფონი” აკეთებდა კიდეც – აფციაურის ლამაზ პასს გელაშვილმა ოდნავ უზუსტო დარტყმა მიაყოლა, მერე კი დვალის დაფარულ გადაცემას გრიგალაშვილი თითქმის პირისპირ გაჰყავს... დარტყმა და გოლი თითქოს გარდაუვალია, თუმცა კაპიტანი მიხაელ ოლმებეკი გადაეღობა ბურთს.


“ზესტაფონი” ბევრს უტევდა, თუმცა გოლი აქეთ გაუშვა... ბელგიელებმა ჯარიმა ჩააწოდეს, შორეულ ძელთან აკპალა ახტა და თავით ძელს მოარტყა, დამატებაზე კი კაპიტანმა კარლ ჰოეფკენსმა ახლოდან შეაგდო. 73-ე წუთზე 2:3 გახდა.


ვითომ საბოლოოდ გატყდებოდა “ზესტაფონი”? ამის საშიშროება იყო და დაახლოებით ხუთი წუთი ვერც ვერაფერს ახერხებდნენ მასპინძლები, თუმცა შემდეგ ისევ უმატეს აქტიურობას და 3:3 – აფციაურმა ფლანგიდან ჩააწოდა, ნიკოლოზ გელაშვილმა კარიდან 7-8 მეტრში ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი და შემოტრიალებით, ცაციით გაიტანა.


აღსანიშნავია, ქართველთა სამივე გატანილი გოლი ასეთი იყო: ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში!


დარჩენილ დროში “ზესტაფონი” უფრო უტევდა, თუმცა გრიგალაშვილის ერთ სახიფათო დარტყმულს (მეკარემ აიღო) გამორჩა, “ბრიუგეს” კი გაცილებით კარგი შანსი ჰქონდა: ტომას მუნიე პირისპირ დარჩა კვასხვაძესთან, ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ მეკარემ ფეხით მოიგერია ბურთი.


მატჩის გამორჩეულ ფეხბურთელებზეც ვთქვათ: “ბრიუგედან” კარგი მატჩი ჩაატარა ესპანელმა ვიქტორ ვასკესმა, ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია. “ზესტაფონიდან” კი, რა თქმა უნდა, დუბლის ავტორი გელაშვილი, მუდამ აქტიური დვალი, გრიგალაშვილი და შეცვლაზე შესული ბენაშვილი უნდა გამოვარჩიოთ. ბენაშვილის მინდორზე შესვლა და ფეროელთა შეტევების გამწვავება ერთი იყო – მართალია, ნომინალურად მარჯვენა მცველია, მაგრამ ლამის გარემარბად გვევლინებოდა, გაცილებით დიდი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარა.


3:3 და “ბრიუგე” ფავორიტად დარჩა. ძნელი იქნება ბელგიაში თამაში, მითუმეტეს, ადრი კოსტერის გუნდი საშინაო შეხვედრებს გაცილებით კარგად ატარებს, თუმცა... აკი თავად კოსტერმა თქვა ნამატჩევს, სიურპრიზები მოსალოდნელია და ჩემი გუნდის გასვლაში დარწმუნებული ვერ ვარო.


და მინდორი? რამდენადაც კარგი საყურებელი თამაში გამოდგა, იმდენად ცუდი იყო საფარი. ამას მინდორი არც ჰქვია"…

 

ჩვენ კი, ამ პუბლიკაციის გარდა, "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" მატჩისადმი მიძღვნილ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებულ სტატიასა და მატჩის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ...

 

 

18.08.2011. ”ზესტაფონი” - ”ბრიუგე” (ბელგია) - 3-3

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018