20.08.2011

 

 

 

 

 

გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ბრძოლითაც ვისიამოვნეთ

 

 

 

 

 

 

 

საეროთასო მატჩისთვის საშინაო ფრე, მით უმეტეს, უხვგოლიანი, დადებითი შედეგი ვერ არის, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რა ამბები დატრიალდა წინა დღეებში საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში და როგორ წარიმართა თვით ეს შეხვედრა, “ზესტაფონის” მიმართ აუგის სათქმელად ენა ვერ მოგვიბრუნდება. ფეროელთა თამაში იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ “ზესტაფონმა” გვაჩვენა ის, რასაც ქართული გუნდებისგან განებივრებულები ნამდვილად არ ვართ - ლამაზი ფეხბურთი, საოცარი ნებისყოფა და უტეხი ხასიათი.

 

გია გეგუჩაძის გადადგომის შემდეგ “ზესტაფონი” დროებით მის ყოფილ თანაშემწე გიორგი ჭიაბრიშვილს ჩააბარეს, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას ღირსეულად გაუმკლავდა და მთავარი მწვრთნელის წასვლისა და სხვა არანაკლებ უსიამოვნო მოვლენების მიუხედავად, გუნდი უპირველესად, ფსიქოლოგიურად მოამზადა - ეს იყო ჭიაბრიშვილის პროგრამა-მინიმუმიცა და პროგრამა-მაქსიმუმიც, თორემ ამ უმოკლეს დროში გუნდის ტაქტიკა-სტრატეგიაში რევოლუციას ვერავინ მოახდენდა.

იქნებ, პირწმინდად ჩაგდებული პირველი ტაიმი სწორედ გადატანილი უსიამოვნებების გამოძახილი იყო, მაგრამ ჭიაბრიშვილის სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ შესვენებისას “ზესტაფონს” მან საბრძოლო სული შთაბერა და დაუვიწყარი მეორე ნახევარის მომსწრენი გავხდით, თორემ შესვენებისას მაყურებლებში განადგურების არცთუ უსაფუძვლო შიშმა დაისადგურა.

ჭიაბრიშვილის “ზესტაფონი” გეგუჩაძის გუნდისგან დიდად არ განსხვავდებოდა, მაგრამ მცირე სიახლეები მაინც შევნიშნეთ, საიდანაც უმთავრესი, ვფიქრობთ, სტანდარტული მდგომარეობების უფრო ეფექტიანად გამოყენება და გახშირებული შორეული დარტყმები იყო. ამით არაფერი წაგვიგია - პირიქით, ორივე კომპონენტისგან საკმაო ხეირი ვნახეთ.

უარყოფითი კი, უპირველესად, ქართული დაცვის სისუსტე იყო. გვარიანად სცოდავდა ბელგიელთა უკანა ხაზიც, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ - “ზესტაფონის” დაცვის ცენტრი არაოპტიმალური იყო და თუკი ცენტრალურმა დუეტმა, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებლად ითამაშა, გაცილებით უარესი შთაბეჭდილება დატოვეს განაპირა მცველებმა. ყველაზე მეტი საფრთხე სწორედ მათი პოზიციიდან გვექმნებოდა, “ბრიუგეს” მესამე გოლისას კი “ზესტაფონის” მთელმა უკანა ხაზმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

შესანიშნავი იყო გელაშვილი-დვალის ნაცადი დუეტი. ხაზგასასმელია, რომ ნიკამ “შტურმთან” გადატანილი პირადი იმედგაცრუება ღირსეულად გადაიტანა და გუშინ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ფორვარდია. ნახევარდაცვა, ტრადიციულად, მოძრავი და კრეატიული იყო. შუა ხაზიდან თორნიკე აფციაურს გამოვყოფთ, რომელსაც თამაში აშკარად წაუვიდა და ჩვეული პასებით მეტოქის დაცვას დიდი თავსატეხი გაუჩინა. დამაჯერებელი იყო ბუბა დაუშვილის შემცვლელი თორნიკე გორგიაშვილიც.

მწვრთნელის აქტივში უნდა შევიტანოთ მეორე ტაიმში განხორციელებული ცვლილებაც - ალექსი ბენაშვილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესეს, მაგრამ მან მთელი ფლანგი აითვისა და მოედანზე ახალშესულმა გოლში ლომის წილიც დაიდო.

ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ მეტოქემაც დიდი სიმპათიები დაიმსახურა - “ბრიუგე” “შტურმზე” უფრო შემტევი გუნდია და მატჩის დრამატული სცენარიც სწორედ სტუმარ-მასპინძლის სათამაშო მანერამ განაპირობა.

გოლები ალბათ, ყველა თქვენგანმა ნახა, მაგრამ მოკლედ მაინც გავიხსენოთ: სტუმართა პირველი ორი ბურთი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. "ბრიუგემ" ორივეჯერ ჩვენი დაცვის მორღვევით ისარგებლა და მარტივი კომბინაციები დააგვირგვინა. აზრიან კომბინაციას მოჰყვა გელაშვილის ორივე გოლი, დვალმა ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა, “ბრიუგეს” მიერ გატანილი მესამე ბურთი კი ზემოთ გავიხსენეთ.

გოლების გარდა, უნდა გავიხსენოთ დვალის დაცემა “ბრიუგეს” საჯარიმოში, რომელიც პენალტს ჰგავდა, გელაშვილის მიერ ბადისთვის გარედან გარტყმული ბურთი და როინ კვასხვაძის კარგი რეაქცია 89-ე წუთზე, როცა მან პირისპირ გასულ მეტოქეს არ გაატანინა.

გუშინ ზესტაფონელმა და საერთოდ, ქართველმა ქომაგებმა სტადიონი ამაყად დატოვეს, რაც იმის შედეგი იყო, რომ ქართულმა გუნდმა არცთუ უნაკლო, მაგრამ მაინც ნაღდი ფეხბურთი ითამაშა. ვაღიაროთ, “ბრიუგე” გუშინდელ მატჩამდეც ფავორიტი იყო და 3:3-ით კიდევ უფრო კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი არც ქართველებს დაგვიკარგავს, ქართული ფეხბურთით...

გიორგი ჭიაბრიშვილი: ჩემი დღე 3:0-ზე იქნებოდა
როგორც წესია, ჯერ მასპინძელი გუნდის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც “ზესტაფონს”, ბუნებრივია, გიორგი ჭიაბრიშვილი წარმოადგენდა.

- განსხვავებული ორი ტაიმი ვიხილეთ. პირველ ტაიმში სუსტად ვითამაშეთ, შესვენების შემდეგ კი გუნდმა თავისი თამაში იპოვა და მარცხს თავი დააღწია. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც ლოგიკურად მიიჩნევა წყვილის ფავორიტად. დღევანდელმა შედეგმა მისი სტატუსი განამტკიცა, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ, წინ კიდევ ორი ტაიმია და იმ აზრზე ვრჩები, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია.

- შესვენებისას ფეხბურთელებს რა უთხარით?
- განსაკუთრებული არაფერი, შევახსენე, რომ უკეთესი ფეხბურთის თამაშიც შეეძლოთ.

- თამაში რომ ახლა იწყებოდეს, თქვენს გუნდში რას შეცვლიდით?
- ვეტყოდი, რომ თამაში პირველივე წუთიდან იწყებდა და არა 46-ედან. მთავარი იყო, რომ მუხტი გვეპოვა, რაც შევძელით. ახლა მთავარია, ეს მუხტი მეორე მატჩისთვის შევინარჩუნოთ.

- ეს თქვენი დღე იყო?
- პირადად მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა. კმაყოფილი კი ნამდვილად არ ვარ. ჩემი დღე იმ შემთხვევაში იქნებოდა, სამი გოლი ისე გაგვეტანა, რომ საერთოდ არ გაგვეშვა.

ადრი კოსტერი: მოედანს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია
“ბრიუგეს” თავკაცმა ადრი კოსტერმა შედეგს ლოგიკური უწოდა.

- როცა ჯერ 2:0-ს იგებ და მერე 3:2-ს, ვალდებული ხარ, გამარჯვება შეინარჩუნო, ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი ფეხბურთს აღარ ვთამაშობდით და დაცვაში უხეში შეცდომები დავუშვით, გოლებიც ლოგიკურად მივიღეთ. თუმცა მეოთხე გოლის გატანა მაინც შეგვეძლო.

- ამ ეტაპის დაძლევის როგორი შანსი გაქვთ?
- ფეხბურთი მოულოდნელი შედეგებითაა აღსავსე და ამიტომ აქ ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, თუმცაღა “ბრიუგეს” ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის უკეთესი შანსი აქვს.

- მოედანი ხარისხიანი რომ ყოფილიყო, თამაში რა შედეგით დასრულდებოდა?
- პირველ ტაიმში ჩვენთვის იყო უკეთესი მოედანი, მეორეში კი “ზესტაფონისთვის”. ეს ხუმრობით, ისე კი, ცუდმა გაზონმა, ცხადია, ორივე გუნდს ხელი შეუშალა, თუმცა მას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.


ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

   
FC ZESTAFONI © 2005