31.12.2015
ძველი წელი წავიდა... გაუმარჯოს ახალს!
სულ რამდენიმე საათიც და წარსულს ჩაბარდება 2015 წელი - მოვლენებით დახუნძლული და ალბათ ყველაზე მძიმე ჩვენი კლუბის თორმეტწლიან ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ ნახევარში ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა, პოზიტიურიც მრავლად იყო. ჩვენი ერთგული მკითხველის ყურადღებაც სწორედ 2015-ში განვითარებულ მოვლენებზე გვინდა შევაჩეროთ.
მაშ ასე, მივყვეთ ქრონოლოგიურად - კლუბის დაფინანსების საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვასთან დაკავშირებით მოუგვარებელი საკითხის ფონზე, ეროვნული პირველობის 2014-2015 წლების გათამაშების მეორე წრეში "ზესტაფონი" მნიშვნელოვნად შესუსტებული შემადგენლობით ჩაერთო. ამის მიუხედავად, გიორგი მიქაძის დამმოძღვრილმა კოლექტივმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩის ჩატარება მაინც მოახერხა. მეტიც, რომ არა მარგველთა "თავიდან მოსაშორებლად" განწყობილი სფფ-ს ყოფილ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებები, "ზესტაფონმა" უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად საკმარისი ქულათა მარაგიც მოაგროვა...
ყველას გვახსოვს 19 აპრილი, როდესაც ჩვენმა გუნდმა გარიგებულ მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და იმის მიუხედავად, რომ მავანთა მხრიდან შედეგით მანუპულირების მცდელობის შესახებ ფედერაციის ხელმძღვანელებს აცნობა, ამის გამო სფფ-ს იმჟამინდელმა აღმასკომმა თავად ჩვენი კლუბი დასაჯა და უმაღლესი ლიგიდან "მოკვეთა". სხვათაშორის, რისთვისაც ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ "ზესტაფონი" გათამაშებიდან მოხსნა, იმისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა თამაში... უბრალოდ გადადო...
ამის შემდეგ, 21 აპრილს, გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობილი სხდომა, რომელმაც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაფინანსებაზე უარი განაცხადა - კლუბისთვის თანხის გამოყოფის მომხრე მხოლოდ 13 დეპუტატი აღმოჩნდა, ხოლო მოწინააღმდეგე – 17...
უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში ამ მოვლენებმა საკმაო რეზონანსი გამოიწვია - ჩვენი კლუბის მიმართ გატარებული რეპრესიული სანქციები და მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები, რიგით გულშემატკივრებთან ერთად, პოლიტიკოსებმა, მედიის მუშაკებმა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა გააპროტესტეს და კლუბს სოლიდარობა გამოუცხადეს. "ზესტაფონის" ბედით შეწუხებულმა ადამიანებმა წამოიწყეს მარგველთა მხარდასაჭერი აქცია, რომელშიც სადღეისოდ ასეულობით ადამიანია ჩართული...
ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისს საქართველოს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებდა... საფებურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელმა, ბატონმა ილია კოკაიამ თბილისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით საგანგებოდ შექმნილ საბიუჯეტო ანგარიშზე 100 ათასი ლარი გადარიცხა...
საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ლვოვის "კარპატში" მურთაზ დაუშვილის სკანდალურ გადასვლასთან დაკავშირებული საქმე მოიგო - ხანგრძლივი შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ლოზანის სპორტულმა არბიტრაჟმა (CAS) გამოიტანა თავის საბოლოო ვერდიქტი და მურთაზ დაუშვილის აღზრდისა და მომზადებისათვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ, ლვოვის საფეხბურთო კლუბ "კარპატს" "ზესტაფონის" სასარგებლოდ 180 000 ევროს გადახდა დააკისრა...
გასულ წელს კიდევ ერთი აღსანიშნავი ამბავიც მოხდა - პოპულარული ქართული საიტების რეიტინგ-გვერდის "www.top.ge"-ს მონაცემების თანახმად, საფებურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე შემოსული მომხმარებლების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც ნამდვილად აღნიშვნის ღირს ამბად მივიჩნიეთ...
როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე უკვე ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ორი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი. ორიოდე თვის წინ საქართველოში ჩატარებული ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ტურნირის მიმდინარეობისას, სტუმართა გუნდები (ავსტრია, უელსი და ალბანეთი) სწორედ იმერელთა თბილისური ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ...
ამასობაში სამუშაოები ზესტაფონში მდებარე ბაზაზეც გახურდა - კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა ზემოიმერელთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანზე ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახი დათესეს, რის შემდეგაც ჩვენი კლუბის განკარგულებაში უკვე 6 ბუნებრივსაფარიანი მოედანი გახლავთ.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სტანდარტული ზომის უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი მოედნების რაოდენობით საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ქვეყანაში არა უბრალოდ ერთპიროვნულ და უპირობო ლიდერად იქცა, არამედ ერთად აღებული ყველა დანარჩენი ქართული კლუბის განკარგულებაში არსებული საფეხბურთო მოედნის შეჯამებულ რაოდენობასაც არ ჩამორჩება, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სჯობნის კიდეც...
ცალკე უნდა ითქვას "ზესტაფონის" გულშემატკივარზე - იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს გვერდით ყოველთვის, ჭირსა თუ ლხინში, არიან. "ზესტაფანებმა" წელს საყვარელი გუნდის უმაღლესი ლიგიდან უსამართლოდ მოკვეთა გადაიტანეს, გუნდის მხარდასაჭერი აქციის მიმდინარეობიოსას იაქტიურეს, გახლდნენ ერთადერთი ფან-კლუბი, რომელიც ღიად და ქმედითად დაუპირისპირდა ფეხბურთში გამეფებულ უსამართლობას და მავანთა მიერ 3 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და გაყალბების მცდელობას ფაქტიურად სრული შემადგენლობით წინ აღუდგა...
ახალი, 2016 წლის შემობრძანება გვინდა მივულოცოთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" - კლუბის მესაკუთრესა და მენეჯმენტს, ყველა თანამშრომელს, რიგით გულშემატკივარსა და, რა თქმა უნდა, "ზესტაფანებს"! ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩვენგანისათვის მომავალი წელი მოლოდინის გამართლებისა და სიხარულის მომტანი იქნება ...
|