დღეს ჩვენი კლუბის მიერ ევროტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგიყვებით - 2009 წლის 16 ივლისს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საშინაო არენაზე შვედეთის წარმომადგენელ ”ჰელსინგბორგს” დაუპირისპირდა...
მარგველთა მიერ ჩრდილოირლანდიური ბარიერის დაძლევის შემდეგ, ზესტაფონს ეწვია კლუბი, რომლის ღირსებასაც ერთ დროს შოტლანდიური ”სელტიკისა” , კატალონიური ”ბარსელონას” და ინგლისური ”მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი ფორვარდი, წლების მანძილზე ”ტრე კრუნურის” (შვედეთის ნაკრები) წამყვანი ფეხბურთელი, შოტლანდიური პრემიერლიგის, ესპანური პრიმერადივიზიონისა და ინგლისური პრემიერლიგის მრავალგზის გამარჯვებული, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის, "ოქროს ბუცის" (2001 წელი) და ჩემპიონთა თასის (2006 წელი) მფლობელი ჰენრიკ ლარსონი იცავდა. თავად ”ჰელსინგბორგი” კი იმერეთს საკუთარი ქვეყნის 6-გზის ჩემპიონისა და შვედეთის თასის 3-გზის მფლობელის რეგალიებით დამშვენებული ესტუმრა.
ასეთი სახელოვანი მეტოქისა და მის რიგებში მოასპარეზე მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის ფაქტორების გათვალისწინებით, ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი გუნდებს სავსე ტრიბუნებით შეეგება. შეხვედრის დასაწყისში მასპინძლებს სასტარტო ნერვიულობა ოდნავ ეტყობოდათ, თუმცა პირველი ნახევრის შუა წუთებისკენ მათ თამაშის დალაგება მოახერხეს. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმი მასპინძელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო - 62-ე წუთზე შვედებმა კარგად ისარგებლეს ზესტაფონელთა დაცვის შეცდომით და რასმუს იონსონმა თავის გუნდი წინ გაიყვანა. ზესტაფონელებმა 70-ე წუთზე გაათანაბრეს - გოლი მინდორზე 2 წუთის შესულმა ალექს ბენაშვილმა გაიტანა.
ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა იმერლებმა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საგოლე მომენტი გაატანეს ქარს. განსაკუთრებით დასამახოვებელი ნიკა გელაშვილის და ჯაბა დვალის გამოუყენებელი მომენტები გამოდგა. მომენტების განიავების გამო იმერლები მატჩის მიწურულს დაისაჯნენ - ჰენრიკ ლარსონმა, რომელიც 88 წუთი მასპინძელთა მცველებს საიმედოდ ჰყავდათ ამოკეტილი, 89-ეზე გატანილი გოლით ”ჰელსინგბორგს” ორრაუნდიანი დუელის პირველ მატჩში გამარჯვება მოუტანა - 1-2.
ტრადიციისამებრ, "ზესტაფონის" პრეს-სამსახურის მიერ ამ მატჩის მომზადებულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.