Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა მორიგი თავგადასავლის ამბავი

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 11 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეექვსე ტურის მატჩები. ლანჩხუთში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”გურიას” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ახალგაზრდა ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, ახალაძე, მოსიძე, გელაშვილი, ჭურაძე, მარგველაშვილი, მაკარიძე, ეგუტიძე, კაკუშაძე (კვარაცხელია, 86), კანდელაკი (კუპრაშვილი, 71), მიქელთაძე (კალაჯიშვილი, 90).

 

დუბლიორთა მიმდინარე ჩემპიონატის მესამე წრის კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იმერლებს ტურნირის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრის გამართვა ლანჩხუთის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მოუწევდათ. 2013 წლის 19 დეკემბერს დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს სწორედ აქ დაუპირისპირდნენ (იხილეთ არქივი) და ზესტაფონელებმა, იცოდნენ რა ამ მოედნის "არასაფეხბურთო კონდიციების" ამბავი, გურულებს მატჩის საკუთარ ბაზაზე გამართვა (ცხადია, ეს წინადადება მატჩის ორგანიზებასთან დაკავშირებული გასაწევი ხარჯების საკუთარ თავზე აღებასაც ითვალისწინებდა) შესთავაზეს. თუმცა, ლანჩხუთელებმა "ზესტაფონი" თავაზიანი უარით, ხოლო სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილება მოედნის სათანადო "ფორმაში" ყოფნის დაპირებით გაისტუმრეს...

 

სულ რამდენიმე კვირის წინ ბოლნისის სტუმრობისა და იქაურ სტადიონზე მიღებული "სიამოვნების" შემდეგ (იხილეთ არქივი), მარგველ ახალგაზრდებს ექსტრემალურ გარემოში ფეხბურთის თამაშის მორიგი ეპიზოდი ელოდათ. ადგილზე ჩასულ ზესტაფონელებს ლანჩხუთის სათადარიგო სტადიონის სათამაშო მინდორი კატასტროფულ მდგომარეობაში დახვდათ (იხილეთ ფოტომასალა) - მინდვრის საფარი, რომელიც გამხმარი და გაქვავებული ტალახის ფენით იყო დაფარული, ფეხბურთის სათამაშოდ აბსოლუტურად უვარგისი გახლდათ. სტუმრებმა ასეთ მოედანზე მატჩის გამართვა გააპროტესტეს და მატჩზე მყოფ ოფიციალურ პირებს მიმართეს კითხვით ასეთ პირობებში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობის შესახებ. ეროვნული ჩემპიონატის კალენდარულ მატჩს ჩაშლის საფრთხე კი დაემუქრა, მაგრამ ოფიციალურ პირებთან და სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილებასთან გავლილი კონსულტანციის შემდეგ გუნდები მინდორზე მაინც გავიდნენ ...

 

შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და იმის მიუხედავად, რომ ასეთ ვითარებაში გააზრებული და კომბინაციური ფეხბურთის დემონსტრირება შეუძლებელი გახლდათ, მათივე მინიმალური უპირატესობით დასრულდა - იმერლები დემურ კანდელაკის მიერ 27-ე წუთზე შორიდან ზუსტად შესრულებული დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს კი ზესტაფონელთათვის უსიამოვნო ამბავი მოხდა - მას შემდეგ, რაც გიორგი ახალაძემ მეორე ყვითელი მიიღო, გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში უკვე მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა მინდვრის საფარი (უფრო სწორედ, ასეთის არარსებობა) ფეხბურთის თამაშში ხელს მათაც უშლიდათ. სტუმრები ლანჩხუთელებს სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდული შემადგენლობით მოასპარეზე ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არასაფეხბურთო გარემოსაც გაუძლეს, მეტოქის გააფთრებულ შეტევებსაც და 55 წუთის განმავლობაში კაცნაკლული შემადგენლობით მოედანზე ყოფნასაც. მეტიც, მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მოედანზე სულ რაღაც ერთი წუთის შესულმა იონა კალაჯიშვილმა ლამაზი დარტყმით შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

 

ზესტაფონი-2

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014