თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე 2014 წლიდან ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის ორი საფეხბურთო მოედანი.
ჩვენი კლუბის დედაქალაქურ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და ამ საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: "Hi Tech Irrigation Georgia"-მ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს წარმოადგენს და კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს საქართველოშივე ამზადებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელსაც ჯერ სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობდა, დღეს კი ფრანგი ვილი სანიოლი უდგას სათავეში, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში საშინაო შეკრებებს სწორედ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სპორტული კომპლექსის მოედნებზე ატარებს...
ჩვენს ქვეყანაში უეფას ეგიდით ბოლო წლებში გამართული U21, U19 და U17 ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ყველა შესარჩევი ტურნირის მონაწილე გუნდები სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისში მოქმედი სპორტული კომპლექსის მწვანე მინდვრებზე 2017 წლის ივნისის თვეში საქართველოში გამართული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის მატჩებისათვის ემზადებოდნენ ამ ტურნირის მონაწილე ირლანდიისა და ახალი ზელანდიის გუნდები...
2018 წლის შემდეგ თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ევროპული ფეხბურთის გრანდების, მილანის "ინტერისა", ტურინის "იუვენტუსის" და მადრიდის "რეალის" საზაფხულო კემპები გაიმართა. ბანაკების მუშაობაში საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელმა, 6-დან 16 წლამდე ასაკის ასეულობით ბავშვმა მიიღო მონაწილეობა...
გასული წლების განმავლობაში ჩვენს თბილისურ ბაზაზე საწვრთნელი შეკრება არაერთმა ქართულმა, ირანულმა და აზერბაიჯანულმა საკლუბო გუნდმა გაიარა. ზესტაფონელთა საფეხბურთო კომპლექსის საფეხბურთო მინდვრებზე მომზადების სურვილს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი გუნდი ახლაც გამოთქვამს. 2019 წლის მარტიდან მოყოლებული თბილისის ზღვის ბაზაზე CRYSTALBET ეროვნული ლიგის მატჩები იმართება...
დღესდღეობით ბაზაზე უკვე ამოქმედებულია ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა, სამედიცინო პერსონალის, საპროცედურო ოთახები, სატრენაჟორო დარბაზი და მედია-კაფე გახლავთ განთავსებული. ამასთან, მოეწყო მცირე ზომის ტრიბუნა, რომელზეც 300-მდე მაყურებლის განთავსებაა შესაძლებელი...
2022 წლის 3 ოქტომბერს თბილისის ზღვასთან მდებარე სპორტულ კომპლექსს ილია კოკაიას სახელი მიენიჭა...
თაკო კოკაიას და გიორგი არჯევანიძის ფოტოები
|