30.08.2024
დასანანი მარცხი ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრაში
მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძელმა "ზესტაფონმა" ლიგა 3-ის ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "ორბის" უმასპინძლა...
პირველივე წუთებიდან მოედანზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა. თამაში მთლიანობაში თანაბარი გახლდა, თუმცა პირველი საგოლე მომენტი მაინც თბილისელთა კართან შეიქმნა - საჯარიმოს მისადგომებიდან დათო ბებიაშვილის უძლიერესი დარტყმული სტუმართა გოლკიპერმა ლუკა შეროზიამ სასწაულ ნახტომში მოიგერია.
29-ე წუთზე კი ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მოახერხეს - დაცვის მარჯვენა ფლანგზე მასპინძლეთა არადამაჯერებელი გარჯით თბილისელთა შემტევმა კარგად ისარგებლა და კარის ხაზიდან გაკეთებული ზუსტი გადაცემით მასპინძელთა კარის წინ ეულად მყოფი გიორგი იაკობიძე მოამარაგა ამ უკანასკნელს კიდევ გატანა არ გასჭირვებია.
მალევე ზესტაფონელები სტუმართა საჯარიმოში თორნიკე შალამბერიძის წაქცევიუსათვის 11-მეტრიანის დანიშვნას ელოდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა ამ ეპიზოდში წესის დარღვევა ვერ დაინახა, ტაიმის მიწურულს კი გოლის გატანბასთან ახლოს ძალიან ახლოს იყო გიორგი ხუჯაძე, თუმცა ლუკა შეროზიამ კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინა...
მეორე ტაიმიც თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა 71-ე წუთზე მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს - შოთა ანდრიაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ზემოიმერელთა სწრაფი იერიში თორნიკე შალამბერიძის მეკარესთან პირისპირ გასვლითა და აუღებელი დარტყმით დაგვირგვინდა.
75-ე წუთზე კი ისევ თბილისელებმა იხეირეს - ზესტაფონელთა კართან ბურთის კუთხურის ნიშნულიდან ჩამოწოდების შემდეგ, მასპინძელთა უყურადღებობით ისარგებლა სტუმართა გუნდის ერთ-ერთმა შემტევმა, რომელმაც ბურთი პარტნიორს დაუგდო და ლუკა ჯანაშიას თავთან შეხების შემდეგ ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და მეტად კურიოზულ ვითარებაში თავი იმერელთა კარის ბადეში ამოჰყო.
დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი მასპინძელთათვის დასანანი მარცხით 1:2 დასრულდა...
|
29.08.2024. ”ზესტაფონი” - ”ორბი” 1-2 |
"ზესტაფონი": ფერაძე, სათირიშვილი, ხუჯაძე, ბურჯანაძე, ანდრიაძე (ფუტკარაძე, 84), ქვაჩახია, სიგუა, ვოსკანოვი, ბებიაშვილი, პაპავა, შალამბერიძე (ლაფერაძე, 82).
დაწვრილებით:
|
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 5 სექტემბერს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "იბერია-1999"-ს მეორე გუნდს ესტუმრებიან. მატჩს თბილისის "ბენდელას" სტადიონი უმასპინძლებს და ის 16:00 საათზე დაიწყება...
|