15.08.2024
საკონტროლო მატჩი "მარგვეთთან"
მიმდინარე წლის 15 აგვისტოს "ზესტაფონმა", რომელიც სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი, რიგით მეოთხე საკონტროლო მატჩი გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის ერთ-ერთ ლიდერს, თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლეს.
მატჩი საინტერესოდ და სანახაობრივად წარიმართა. პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიში მასპინძელმა ნიკოლოზ ხაჩიძემ ზუსტი თავურით გახსნა, თუმცა მალევე მარგვეთელმა ლევან ლიპარტელიანმა გაათანაბრა და შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარიც კარგი საყურებელი გამოდგა. უკვე დებიუტში "ზესტაფონი" ისევ წინ გავიდა - ზუსტი დარტყმით თავი დათო ბებიაშვილმა გამოიჩინა. მატჩი ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა, თუმცა მასპინძელთა შეტევებს თან მეტი სიმწვავე ახლდა და რამდენიმე ეპიზოდში მათ გამარჯვების განაღდებაც მართებდათ.
როგორც ეს ფეხბურთში ხშირად ხდება, მასპინძლები მომენტების განიავების გამო მატჩის დასასრულს დაისაჯნენ - "მარგვეთის" უკანასკნელი შეტევა ზუსტი დარტყმით ლაშა ჩიხლაძემ დააგვირგვინა და ზესტაფონური "რანდევუ" ფრედ 2:2 დასრულდა.
|