”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 2 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა საზაფხულო პაუზის შემდგომ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელ ოზურგეთის "მერცხალს" უმასპინძლეს.
"ზესტაფონმა" მატჩი ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩაატარა. მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბმა თავის გამოჩენის საშუალება იმერელთა გუნდში გასინჯვაზე მყოფ ფეხბურთელებსაც მისცა. მატჩი საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ორივე გუნდისთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა...
შეხვედრის პირველი ტაიმი ზესტაფონელთა უპირატესობით 1:0 დასრულდა (მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლით თავი თორნიკე შალამბერიძემ გამოიჩინა). შესვენების შემდეგ ზესტაფონელთა ახალწვეულმა ნიკა ხაჩიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, თუმცა მალევე ოზურგეთელმა თენგიზ ალიევმა ანგარიშში სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა.
დღევანდელ დაპირისპირებაში ბოლო "აკორდი" ისევ ზემოიმერლებმა შეასრულეს - მასპინძელთა ხანგრძლივი იერიში ზუსტი დარტყმით ანზორ მჟავანაძემ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:1.
მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 აგვისტოს გამართავს - ზესტაფონელებს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი ვანის "სულორი" ესტუმრება.