13.05.2024
"ზესტაფონი" თასის გათამაშებას გამოეთიშა
2024 წლის 9 ივნისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXXV გათამაშების 1/32-ფინალური მატჩი გამართა - გრიგოლ ჯომართიძის სახელობის ხაშურის სტადიონზე იმერლები საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" დაუპირისპირდნენ...
რა გასაკვირია, რომ ეროვნული ჩემპიონატის 6 დღეში გასამართი მეტად მნიშვნელოვანი მატჩის წინ ზესტაფონელთა დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ გარკვეულ როტაციას მიმართა და დღევანდელ შეხვედრაში საქმეში უახლოესი რეზერვის რამდენიმე წარმომადგენელიც გამოსცადა. ამის მიუხედავად, მარგველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მოედანზე საბრძოლველად გავიდნენ...
ანგარიში მატჩის დებიუტშივე, კერძოდ მე-5 წუთზე გაიხსნა - სტუმართა მიერ მოედნის ცენტრიდან წამოწყებული შეტევისას იმერელთა ნახევარმცველმა სლავა პაპავამ დროული გადაცემით მოამარაგა გიორგი სამხარაძე და ჩვენი გუნდის კაპიტანმა ძლიერი დარტყმით წინ საკუთარი გუნდი გაიყვანა. ბორჯომელებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს - წინა მატჩის მსგავსად, ზესტაფონელთათვის უიღბლო არბიტრის მიერ დამატებული წუთები (45+3-ე) გამოდგა, როდესაც მასპინძელმა ვანო კურდღელაშილმა გოლად პენალტი აქცია...
მეორე ტაიმის დასაწყისში ზესტაფონელთა სამწვრთნელო სტაფმა მოედნაზე ერთბაშად 4 ახალი ფეხბურთელი შეიყვანა და უპირატესობას სწორედ სტუმრები დაეუფლნენ - მართალია, 53-ე წუთზე ზაალ ზუზაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი შოთა ანდრიაძემ გოლად ვერ აქცია, თუმცა 59-ეზე ნიკოლოზ ხელიძემ დათო ბებიაშვილის კარგი გადაცემა შეირგო და წინ ისევ სტუმრები გაიყვანა...
შეხვედრის 84-ე წუთზე ნიკოლოზ ხელიძის საჯარიმოში წაქცევისათვის ბორჯომელთა კარის მიმართულებით კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, თუმცა ზაალ ზუზაძის დარტყმულის მოგერიება მასპინძელთა გოლკიპერმა საბა გელაშვილმა მოახერხა. ამის გამო სტუმრები მალევე დაისაჯნენ - 90+1-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა ლამაზი დარტყმით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებითი დრო გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ამ დაპირისპირების ბედი 115-ე წუთზე ბორჯომელი საბა შალიკაშვილის მიერ გოლმა გადაწყვიტა - 3:2. "ზესტაფონი" კი თასის გათამაშებას გამოეთიშა...
* * *
დასასრულს გეტყვით იმას, რომ ზესტაფონელები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში მე-18-ედ მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ ამ გათამაშებებში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების გათამაშებაში, თასის მფლობელებიც გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებებს, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალურ, 2-ჯერ მეოთხედფინალურ და 10-ჯერ უფრო ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა...
სულ, დღევანდელი მატჩის ჩათვლით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში გამართული აქვს 85 მატჩი, რომელთაგან 48 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 17 შეხვედრა დასრულდა ფრედ, 20-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ. ბურთების სხვაობაა 156-77 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.
|
09.06.2024. ”ბორჯომი” - ”ზესტაფონი” 3-2 |
"ზესტაფონი": ფერაძე, ფუტკარაძე (მეტრეველი, 46), მჟავანაძე, დევდარიანი, სათირიშვილი (ბურჯანაძე, 46), გამბაროვი (ბებიაშვილი, 46), სამხარაძე, პაპავა, შალამბერიძე (ანდრიაძე, 46), ზუზაძე, ხელიძე (ჭულუხაძე, 90).
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 15 ივნისს გამართავს - ლიგა 3-ის ტურნირის პირველი წრის დასკვნითი, მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ტყიბულის საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება... |