Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.06.2024

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი მარცხი გასვლაზე

 

 

 

 

 

2024 წლის 5 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები - ქვეყნის დედაქალაქის "მარაკანას" სტადიონზე ჩატარებულ დაპირისპირებაში თბილისურმა საფეხბურთო კლუბმა "ვარკეთილმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

უკვე მატჩის დებიუტში ზესტაფონელებმა მასპინძელთა კარის აღება მოახერხეს, თუმცა ნიკოლოზ ხელიძის სწორი პოზიციიდან ზუსტი დარტყმული მატჩის არბიტრმა ნონიკაშვილმა არარსებული თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. მთლიანობაში კი, შეხვედრის საწყისი მონაკვეთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა...

 

პირველი ტაიმის მსვლელობისას სახიფათო მომენტები ორივე კარის სიახლოვეს კი იქმნებოდა, თუმცა 45 წუთი ისე მიილია, რომ ანგარიში არ გახსნილა. სამაგიეროდ, არბიტრის მიერ დამატებულ პირველსავე წუთზე სტუმართა უყურადღებობით კარგად ისარგებლა თბილისელმა ლევან თავზარაშვილმა და წინ საკუთარი გუნდი გაიყვანა.

 

მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიში ორამდე გაიზარდა - 57-ე წუთზე ზესტაფონელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმის შესრულების შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ძელმა უკუაგდო, დამატებაზე თამაშისას კი ყველას ვარკეთილელმა ზვიად ქანთარიამ დაასწრო...

 

ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფარ-ხმალი არ დაყარეს და მატჩის დასკვნით ნაწილში ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს - ზემოიმერელთა მიერ 80-ე წუთზე გათამაშებული კარგი კომბინაციის შედეგად, დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა გუნდის კაპიტანი გიორგი სამხარაძე და მასპინძელთა გოლკიპერს აუღებელი დაუტყა.

 

ენდშპილში სტუმრებმა ანგარიში შოთა ფანცულაიას ზუსტი დარტყმით კი გაათანაბრეს, თუმცა არბიტრმა ისევ თამაშგარე მდგომარეობა (ისევ მეტად საეჭვო სიტუაციაში) დააფიქსირა და მატჩი ვარკეთილელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. "ზესტაფონმა" კი ბოლო მატჩებში ქულების განიავების შედეგად სატურნირო მდგომარეობა საკმაოდ გაიუარესა...

 

05.06.2024. ”ვარკეთილი” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-1

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მეტრეველი, ხუჯაძე, ბურჯანაძე, მჟავანაძე, დევდარიანი (ჯობავა, 46 (პაპავა, 86)), სათირიშვილი (სამხარაძე, 46), ვოსკანოვი, წიქარიშვილი (ზუზაძე, 46), ფანცულაია, ხელიძე (ბებიაშვილი, 66).

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024