მიმდინარე წლის 30 მაისს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეცამეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძელმა "ზესტაფონმა" თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანს" უმასპინძლა...
აუტსაიდერ თბილისელებთან შეხვედრამ ზესტაფონელი პუბლიკის მოლოდინები ვერ გაამართლა - ჩვეული ლაღი ბურთაობის ნაცვლად მოედანზე გაჩაღდა უშეღავათო ბრძოლა, რომელიც ხშირად დაშვებულის ზღვარსაც სცდებოდა. იგრძნობოდა, რომ მასპინძლებმა სატურნირო ცხრილის ბოლოში მყოფი მეტოქე სათანადოდ არ დააფასეს და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც...
პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლები წინ გავიდნენ - 35-ე წუთზე გიორგი სამხარაძისა და შოთა ფანცულაიას მიერ გათამაშებული სწრაფი კომბინაცია სტუმართა საჯარიმოში გაკეთებული ზუსტი გადაცემით გაგრძელდა და დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენილმა გიორგი წიქარიშვილმა ეროვნულ ლიგა 3-ში გატანილი სადებიუტო გოლით წინ იმერლები გაიყვანა.
შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე (47-ე წუთი) ანგარიშში თანაფარდობა აღდგა - მასპინძლეთა უყურადღებობით კარგად ისარგებლა აკაკი ახვლედიანმა და მასპინძლები ზუსტი დარტყმით დაამწურა. დარჩენილ დროში, თუ არ ჩავთვლით ორივე გუნდის შემადგენლობაში ფერხბურთელთა გაძევებას, აღარაფერი შეცვლილა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 5 ივნისს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" ესტუმრებიან. მატჩს დედაქალაქში მდებარე სტადიონი "მარაკანა" უმასპინძლებს და ის 17:30 საათზე დაიწყება...