Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.05.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ბოლო წუთის დრამა მარტვილში

 

 

 

 

 

2024 წლის 23 მაისს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეთორმეტე ტურის შეხვედრები - მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის სტადიონზე ჩატარებულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა "მერანმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

მარტვილელებთან მატჩის წინ ზესტაფონელებს თავს მნიშვნელოვანი საკადრო უსიამოვნებები გადახდათ - მართალია, ამჯერად იმერლებს დისკვალიფიკაცირებული ფეხბურთელები არ ჰყოლიათ, თუმცა გიორგი კლდიაშვილის ავადმყოფობას ბოლო მომენტში დაემატა სლავა პაპავასა და გიორგი ხუჯაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები ...

 

ამის მიუხედავად, მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის სტადიონის ხელოვნურ მინდორზე სტუმრები საბრძოლო შემართებით გავიდნენ. მთლიანობაში, თანაბარ ბრძოლაში გალეული საწყისი მონაკვეთის შემდეგ, მე-11 წუთზე ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მაინც მოახერხეს - დაცვის ფაზაში სტუმართა უყურადღებობით მარტვილელებმა კარგად ისარგებლეს და "მერანის" უზბეკმა ლეგიონერმა ჯავახირ ესანკულოვმა საკმაოდ მარტივი დარტყმით წინ თავის გუნდი გაიყვანა.

 

იმერლებს გათანაბრება მალევე მართებდათ - მარტვილელთა გოლკიპერ დავით ასათიანთან პირისპირ გასულმა გიორგი წიქარიშვილმა ყველაფერი თითქოს კარგად გააკეთა, თუმცა მისი დარტყმულის მოგერიება კარის დარაჯმა სასწაულებრივ მოახერხა. ამის შემდეგ "მერანს" ანგარიშის გაზრდის შანსი მიეცა, თუმცა ზესტაფონელებს მხსნელად კარის ძელი მოევლინათ...

 

მე-40 წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა - შოთა ანდრიაძემ გამოზომილი გადაცემით მეტოქის ნახევარზე გიორგი სამხარაძე მოძებნა, იმერელთა კაპიტანმა კი კარიდან გამოსულ გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშში თანასწორობა აღადგინა. ტაიმის დასკვნითი ნაწილი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ისინი გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა დავით ასათიანმა კიდევ ერთხელ ისახელა თავი, მოიგერია რა ახლო დისტანციიდან დათო ბებიაშვილის დარტყმული.

 

მეორე ნახევარში ხელოვნურ საფარზე თამაშს მიუჩვეველ ზემოიმერლებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ და გუნდის სამწვრთნელო სტაფს იძულებითი საკადრო გადაადგილებების განხორციელება მოუწია. ამის შემდეგ შეტევის ფაზაში სტუმართა თამაშს სიმწვავე მოაკლდა...

 

თავის მხრივ, მასპინძლები ბურთსა და ტერიტორიას აკონტროლებდნენ, თუმცა სტუმრები ყველა მათ მცდელობას მშვიდად უმკლავდებოდნენ. ასე გაგრძელდა არბიტრის მიერ კომპენსირებული 90+1-ე წუთამდე. სწორედ ამ დროს მარტვილელებმა განახორციელეს მათთვის სამი ქულის მომტანი შეტევა - ზუსტი დარტყმით თავი ანდრო ჯოლოხავამ გამოიჩინა. დასანანი მარცხი - 2:1.

 

23.05.2024. ”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 2-1

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მეტრეველი, დევდარიანი, ბურჯანაძე, მჟავანაძე, სათირიშვილი (ხელიძე, 63), ვოსკანოვი, სამხარაძე, ანდრიაძე, წიქარიშვილი (ფანცულაია, 59), ბებიაშვილი.

დაწვრილებით:

 

ჩემპიონატის მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 30 მაისს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეცამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება...

 

გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ "მერანის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალა.
მარტვილელთა პირველი გოლის ვიდეო არ არსებობს სტადიონზე დენის გათიშვის გამო
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024