13.05.2024
გამარჯვება თასის გათამაშების სასტარტო შეხვედრაში
2024 წლის 13 მაისს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXXV გათამაშებაში ჩაერთო - საშა კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის სტადიონზე იმერლები ეროვნული ლიგა 4-ს წარმომადგენელ ადგილობრივ "სქურს" დაუპირისპირდნენ...
ზესტაფონელთა დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ დღევანდელ შეხვედრაში საქმეში უახლოესი რეზერვის რამდენიმე წარმომადგენელი გამოსცადა - შესაბამისად, ზემოიმერლები წალენჯიხელთა წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე ექსპერიმენტალური შემადგენლობით გავიდნენ...
ანგარიში მატჩის დებიუტშივე, კერძოდ მე-8 წუთზე გაიხსნა - წალენჯიხელთა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტის შემდეგ სტუმრებმა ბურთი კარისკენ ჩაჰკიდეს, მცველებმა ის თითქოს გამოიტანეს, თუმცა ყველას ლუკა ფუტკარაძემ დაასწრო და აუღებელი ძლიერი დარტყმით წინ საკუთარი გუნდი გაიყვანა!
ანგარიშში დაწინაურებიდან ხუთიოდე წუთში ანგარიში ორამდე გაიზარდა - მე-13 წუთზე, მას შემდეგ რაც ართმევაზე თამაშისას მარგველებმი კარგად მოედნის ცენტრში გაისარჯნენ, ბურთს დაეუფლა ნიკოლოზ ხელიძე, რომელიც გასცდა რამდენიმე მეტოქეს და ანგარიშში სხვაობა გაზარდა...
პირველი ტაიმის ბოლომდე ზემოიმერლებმა კიდევ ერთი გოლით მოახერხეს მასპინძელთა დამწუხრება - მიმდინარეობდა ბოლო, 45-ე წუთი, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგად გაისარჯა შოთა ფანცულაია, მცველთა მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად შეაღწია "სქურის" საჯარიმოში და ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა - 0:3.
მეორე ნახევარში თამაში ოდნავ დამშვიდდა. მართალია, ტაიმის მიმდინარეობისას თავის ოსტატობის დემონსტრირება სტუმართა გოლკიპერ ანზორ ფერაძესაც მოუხდა, თუმცა, საბოლოოდ ზესტაფონელებმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანეს, გაიმარჯვეს დიდი ანგარიშით 3:0 და თასის გათამაშების მომდევნო, 1/32 ფინალურ სტადიაზე სტუმრად "ბორჯომს" დაუპირისპირდებიან...
* * *
დასასრულს კი გეტყვით იმას, რომ ზესტაფონელები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში მე-18-ედ მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ წინა 17 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების გათამაშებაში, თასის მფლობელებიც გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებებს, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალურ, 2-ჯერ მეოთხედფინალურ და 9-ჯერ უფრო ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა...
სულ, დღევანდელი მატჩის ჩათვლით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში გამართული აქვს 84 მატჩი, რომელთაგან 48 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 17 შეხვედრა დასრულდა ფრედ, 19-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ. ბურთების სხვაობაა 154-74 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.
|
13.05.2024. ”სქური” (წალენჯიხა) - ”ზესტაფონი” 0-3 |
"ზესტაფონი": ფერაძე, ფუტკარაძე, მჟავანაძე, ბურჯანაძე, სათირიშვილი, ანდრიაძე, გამბაროვი (ბებიაშვილი, 57), ჯობავა (ჭულუხაძე, 86), ფანცულაია (შალამბერიძე, 72), ზუზაძე (წიქარიშვილი, 57), ხელიძე (ჭრელაშვილი, 72).
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 17 მაისს გამართავს - ლიგა 3-ის ტურნირის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "გარდაბანს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...
|