02.05.2024
გამარჯვება ერთპიროვნულ ლიდერთან შეხვედრაში
მიმდინარე წლის 2 მაისს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეცხრე ტურის დასკვნითი შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძელმა "ზესტაფონმა" ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, საფეხბურთო კლუბ "გონიოს" უმასპინძლა...
დღევანდელ შეხვედრას გუნდები მკვეთრად განსხვავებულ ხასიათზე შეეგებნენ. აჭარელთა სტუმრობამდე ზემოიმერლებმა ზედიზედ ორ გასვლით მატჩში მარცხი განიცადეს. თავის მხრივ, "გონიო", 24 შესაძლებლიდან 22 მოპოვებული ქულით, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირს წაუგებლად, ძალიან დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით ლიდერობდა...
რა გასაკვირია, რომ 2 მარცხის შემდეგ მარგველები ფავორიტთან შეხვედრაში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ერთგვარ რეაბილიტაციას ლამობდნენ. მათ მატჩი აქტიურად დაიწყეს და უკვე დებიუტში გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა სლავა პაპავას საჯარიმოს გარედან გასროლილი სტუმართა კარის ძელს მოხვდა.
ანგარიში კი საკმაოდ მალე, 13-ე წუთზე, აჭარლებმა გახსნეს - "გონიოს" სწრაფი იერიში იმერელთა საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი გადაცემით დაიწყო და კარის გასწვრივ გადაცემით გაგრძელდა, სადაც ყველას ტატო აბუსელიძემ დაასწრო და ბურთი დაუცველ კუთხეში შეაგორა. მასპინძლები გოლის ჩათვლას აპროტესტებდნენ და ოფსაიდის დაფიქსირებას კი ითხოვდნენ, თუმცა, ასისტენტთან კონსულტაციის შემდეგ, მთავარმა არბიტრმა გუნდებს ცენტრისაკენ მიუთითა.
ცალკე უნდა ითქვას მაყურებლის შესახებ - პუბლიკა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე აქტიურად გულშემატკივრობდა საკუთარ გუნდს და უკვე 22-ე წუთზე ქომაგის აქტიურობით შეგულიანებულმა მასპინძლებმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინეს - სტუმართა საჯარიმოში სლავა პაპავას ოსტატური ჩაწოდების შემდეგ, ყველას ლუკა დევდარიანმა დაასწრო და ბურთი ბადეში გადაგზავნა. პირველი ნახევარი სწორედ ამ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში ფავორიტად მიჩნეული სტუმრების ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა - ისინი ბურთსა და ტერიტორიას აკონტროლებდნენ და ზესტაფონელთა დაცვის ხაზს საკმაო სამუშაოც გაუჩინეს. რამდენიმე დღის წინ "გონიოს" fb-გვერდი იუწყებოდა იმის შესახებ, რომ გუნდმა ისტორიული რეკორდი დაამყარა და 28 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. რა გასაკვირია, რომ აჭარლებს ესოდენ წარმატებული სერიის ზესტაფონში გამარჯვებით გაგრძელება სურდათ...
რაც შეეხება მასპინძლებს, ისინი ცივსისხლიანად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებზე გააკეთეს აქცენტი. საბოლოოდ, მალხაზ ღონღაძის ამ ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა გაამართლა და 88-ე წუთზე შოთა ფანცულაიას აქტიურობისა და უზუსტესი გადაცემის შემდეგ, მარგველთათვის გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა დათო ბებიაშვილმა გაიტანა, რითაც უსაზღვრო სიხარული მოუტანა საკუთარ გუნდსა და გულშემატკივარს!
შეხვედრის ეპილოგში აჭარელი სტუმრების დიდი მონდომების და მატჩის გადარჩენის სურვილის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, ზესტაფონელთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა ლიდერი "გონიოს" 28 მატჩიანი ბრწყინვალე წაუგებელი სერიაც შეწყვიტა, გულშემატკივარიც ძალიან გაახარა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულითაც შეავსო საკუთარი ქულათა მარაგი - 2:1.
|
02.05.2024. ”ზესტაფონი” - ”გონიო” 2-1 |
"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მეტრეველი, ხუჯაძე, მჟავანაძე (კლდიაშვილი, 90), დევდარიანი, ფანცულაია, სათირიშვილი (წიქარიშვილი, 78), სამხარაძე, ვოსკანოვი, პაპავა (ბებიაშვილი, 85), ხელიძე (ზუზაძე, 85).
დაწვრილებით:
|
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 9 მაისს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეათე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "ბეთლემს" ესტუმრებიან. მატჩს არჩილ ფარტენაძის სახელობის ქედის სტადიონი უმასპინძლებს და ის 16:00 საათზე დაიწყება...
|