19.04.2024
დასანანი მარცხი ჩოხატაურში
2024 წლის 18 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის კრისტალბეთ ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეშვიდე ტურის შეხვედრები - ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის სტადიონზე ადგილობრივი "ბახმარო" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დაუპირისპირდა.
ზესტაფონელები დღევანდელ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო გუნდს ლუკა დევდარიანი, ნიკოლოზ ვოსკანოვი, ნიკოლოზ ხელიძე, ლევან მეტრეველი და გიორგი კლდიაშვილის გამოაკლდნენ და გურულებთან სათამაშოდ იმერლები მნიშვნელოვნად სახეშეცვლილი შემადგენლობით გავიდნენ...
მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და უკვე მატჩის დებიუტში, ზაალ ზუზაძის წაქცევის გამო, ზემოიმერლები "ბახმაროს" კარში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა ამ ეპიზოდში წესის დარღვევა არ დააფიქსირა. ამის შემდეგ თამაში ოდნავ დაწყნარდა და მოვლენები ძირითადად მოედნის ცენტრში ვითარდებოდა...
30-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს - გურულთა შეტევისას ბურთი ზესტაფონელთა ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა და გამოცდილმა თეიმურაზ შარაშენიძემ 11-მეტრიანი გოლად მშვიდად აქცია. 39-ე წუთზე კი მასპინძელთა კიდევ ერთი მწვავე შეტევა გოლად ხვიჩა დიდიამ გარდასახა და პირველი ტაიმი "ბახმაროს" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ზესტაფონელთათვის უიღბლობათა მთელ სერიად იქცა - თავიდან სტანდარტული მდგომარეობიდან შოთა ანდრიაძის გასროლილი მასპინძელთა კარის ხარიხამ უკუაგდო, შემდეგ ანზორ მჟავანაძისა და შოთა ფანცულაიას დარტყმების შემდეგ გურულებს ჯერ მათი გოლკიპერის რეზო ლომიძის სასწაულებრივმა რეაქციამ, შემდეგ კი მეკარის ოსტატობაზე კიდევ უფრო დიდმა იღბალმა უშველათ, ბოლოს კი დავით გამბაროვის დარტყმული სულ მცირედით ასცდა "ბახმაროს" კარს...
იმერელთათვის მოვლენათა უიღბლო განვითარება კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მოედნიდან შოთა ანდრიაძის გაძევებით დასრულდა - ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მან მეტოქეს ფეხი სახიფათოდ გაარტყა და არბიტრმა ის მოედნიდან ნაადრევად გაისტუმრა. საბოლოოდ, მატჩი "ბახმაროს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
|
18.04.2024. ”ბახმარო” (ჩოხატაური) - ”ზესტაფონი” 2-0 |
"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მჟავანაძე, ხუჯაძე, ბურჯანაძე, სათირიშვილი, ბებიაშვილი (გამბაროვი, 65), სამხარაძე, პაპავა, წიქარიშვილი (ჭრელაშვილი, 86), ფანცულაია, ზუზაძე (სათირიშვილი, 46).
დაწვრილებით:
|
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" ისევ გასვლაზე გამართავს - 25 აპრილს საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველები ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" ესტუმრებიან. მატჩი ბათუმის მახლობლად მდებარე ახალსოფლის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...
|