Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.04.2024

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" ისევ იმარჯვებს

 

 

 

 

მიმდინარე წლის 11 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეექვსე ტურის სასტარტო შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძელმა "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" უმასპინძლა...

 

დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ბორჯომელებთან შეხვედრაში ზესტაფონელთა რიგებში მოედანს დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სამხარაძე, რომელმაც სეზონის დასაწყისი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. გიორგი თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში თავის წვლილი შეიტანა...

 

შეხვედრა ზესტაფონელთა უსწრაფესი გოლით დაიწყო - მას შემდეგ, რაც პირველსავე წუთზე მასპინძლებმა ართმევაზე კარგად ითამაშეს მოედნის ცენტრში, მყისვე განვითარდა მათი სწრაფი შეტევა და ნიკოლოზ ვოსკანოვმა მეკარესთან პირისპირ დატოვა შოთა ფანცულაია, რომელმაც ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა.

 

პირველ ტაიმში ბურთს ძირითადად ბორჯომელები აკონტროლებდნენ, ხოლო ზესტაფონელებმა თამაში კონტრშეტევებზე ააწყვეს. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ შოთა ფანცულაია და ნიკოლოზ ხელიძე, თუმცა ხელსაყრელი მომენტების გამოყენება ვერ მოხერხდა. ტაიმიც იმერელთა მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დებიუტი მოვლენებით დახუნძლული გამოდგა - 51-ე წუთზე მატჩის არბიტრმა მოედნიდან ბორჯომელი მიხეილ გაბაძე გააძევა, 62-ეზე მასპინძელთა კარში დაინიშნა 11-მეტრიანი და ვანო კურდღელაშვილის დარტყმული იმერელთა კიპერმა გიორგი აბრამიშვილმა ბრწყინვალე სტილში აიღო, ხოლო 67-ე წუთზე, კურდღელაშვილის დიდებული სოლო-რეიდის შემდეგ, ანგარიში სტუმართა ლეგიონერმა ჩინედუ ნვოლოკმა გაათანაბრა.

 

ამას ზესტაფონელთა მორიგი გააქტიურება და რამდენიმე გამოუყენებელი მომენტი მოჰყვა. მასპინძლები წინ ჯიუტად მიიწევდნენ და 88-ე წუთზე მიაღწიეს კიდეც საწადელს - შოთა ფანცულაიას კიდევ ერთი ფლანგური გარღვევა მისივე გამოზომილი გადაცემით გაგრძელდა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ნიკოლოზ ხელიძემ კი ბურთი მეკარისაგან მარცხენა კუთხეში შეაგორა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 2:1.

 

11.04.2024. ”ზესტაფონი” - ”ბორჯომი” 2-1

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მეტრეველი, ხუჯაძე, ბურჯანაძე, დევდარიანი, ვოსკანოვი, ანდრიაძე, პაპავა (სამხარაძე, 63), ბებიაშვილი (წიქარიშვილი, 75), ფანცულაია, ხელიძე (შალამბერიძე, 90).

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 18 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" ესტუმრებიან. მატჩს ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის სტადიონი უმასპინძლებს და ის 16:00 საათზე დაიწყება...


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024