Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.03.2024

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში

 

 

 

 

მიმდინარე წლის 28 მარტს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეოთხე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა...

 

მასპინძელმა ზესტაფონელებმა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს დღესაც აკლდა რამდენიმე ფეხბურთელი (გიორგი სამხარაძე, ზაალ ზუზაძე, ანზორ მჟავანაძე და გიორგი კლდიაშვილი), მატჩი აღმავლობით ჩაატარეს და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება, ანგარიშით 2:0 იზეიმეს.

 

ზემოიმერლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და სულ მალე გოლის გატანის ძალიან კარგი შესაძლებლობა ნიკოლოზ ვოსკანოვს მიეცა, თუმცა ლანჩხუთელთა გოლკიპერმა ნიკა შაფათავამ ამ ეპიზოდში სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ზესტაფონელები ამის შემდეგაც ბევრს აქტიურობდნენ, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა...

 

შეხვედრის მეორე ტაიმის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში კი მარგველებმა მაინც იხეირეს - მიმდინარეობდა 49-ე წუთი, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგზე შოთა ანდრიაძისა და ლევან მეტრეველის მონაწილეობით გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელის სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებით გაგრძელდა, იქ კი დასარტყმელ პოზიციაზე ეულად დარჩენილმა შოთა ფანცულაიამ ბურთს სტუმართა კარის ბადეში მშვიდად მიუჩინა ადგილი...

 

ამის შემდეგ თამაშის სცენარი ოდნავ შეიცვალა, ანგარიშში ჩამორჩენილი სტუმრები გააქტიურდნენ და თამაშის ზესტაფონელთა ნახევარზე გადატანა სცადეს. თავის მხრივ, მასპინძლები თავს მშვიდად იცავდნენ და სწრაფი კონტრიერიშების ხარჯზე ლანჩხუთელთა გამოჭერას ცდილობდნენ...

 

საბოლოოდ, ზესტაფონელთა დამრიგებლის მალხაზ ღონღაძის ამ ჩანაფიქრმა კარგად იმუშავა და 76-ე წუთზე, მას შემდეგ რაც მასპინძლებმა კარგად ითამაშეს ართმევაზე, ნახევარმცველმა სლავა პაპავამ დროული გადაცემით მოამარაგა შოთა ფანცულაია, რომელმაც ჯერ საჯარიმოში შეიწია, მერე გზად ერთი მეტოქე ოსტატურად ჩამოიცილა და ბოლოს ბურთი სტუმართა გოლკიპერს თავზე მშვიდად გადაუგდო.

 

დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა, მარგველებმა საქმე საფინალო სასტვენამდე მშვიდად მიიყვანეს და როგორც უკვე გითხარით, სეზონში პირველი გამარჯვებაც იზეიმეს!

 

28.03.2024. ”ზესტაფონი” - ”გურია” (ლანჩხუთი) 2-0

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მეტრეველი, ხუჯაძე, ბურჯანაძე, დევდარიანი, ვოსკანოვი, ანდრიაძე, პაპავა (შალამბერიძე, 87), სათირიშვილი, ფანცულაია (ჭრელაშვილი, 89), ხელიძე (წიქარიშვილი, 67).

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 4 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" მეორე გუნდს ესტუმრებიან. მატჩს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ოლიმპიური კომპლექსი უმასპინძლებს და ის 16:00 საათზე დაიწყება...


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024