Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.03.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ფრე ლიდერთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

2024 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მესამე ტურის შეხვედრები - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა "გორმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

ზესტაფონელები დღევანდელ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - გიორგი სამხარაძისა და გიორგი წიქარიშვილის დისკვალიფიკაციით გამოწვეულ უქმობას ზაალ ზუზაძის, სანდრო სათირიშვილისა და გიორგი კლდიაშვილის ავადმყოფობით გამოწვეული პრობლემები დაემატა და გორელებთან სათამაშოდ იმერლები მნიშვნელოვნად სახეშეცვლილი შემადგენლობით გავიდნენ...

რაც შეეხება მასპინძელ გორელებს, ისინი პირველ ორ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვებით დღევანდელ დაპირისპირებას ლიგა 3-ს ტურნირის ერთ-ერთი ლიდერის რანგში შეხვდნენ. სულაც არ იყო გასაკვირი, რომ შიდაქართლელები გამარჯვებათა სერიის გაგრძელებას დღევანდელი ტურის შედეგების მიხედვითაც გეგმავდნენ...

 

ამის მიუხედავად, მატჩის სასტარტო მონაკვეთი ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და სტუმრები ზედიზედ სამ ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ ანგარიშის გახსნასთან - შოთა ფანცულაიას ორი დარტყმისა და დათო ბებიაშვილის მიერ შესრულებული სტანდარტის შემდეგ "გორის" გოლკიპერმა გიორგი ოდიკაძემ საკუთარი გუნდი სასწაულებრივ გადაარჩინა...

ამის შემდეგ თამაში ოდნავ დაწყნარდა, მოვლენები ძირითადად მოედნის ცენტრალურ მონაკვეთში ვითარდებოდა და განსაკუთრებული ხიფათი არც ერთი გუნდის კართან არ იქმნებოდა. სტუმართა გოლკიპერი გიორგი აბრამიშვილი საქმეში მხოლოდ ტაიმის მიწურულს ჩაერთო, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან გორელთა გასროლა კუთხურზე მოიგერია...

 

მეორე ტაიმში ბურთსა და ტერიტორიას მასპინძლები დაეუფლნენ, იმერლები კი სწრაფი კონტრაქციების წყალობით ცდილობდნენ გორელთათვის დისკომფორტის შექმნას. მატჩის გრადუსმა განსაკუთრებით დასკვნით ნაწილში აიწია - გოლის გატანის შესაძლებლობა მასპინძლებსაც მიეცათ და კონტრშეტევაზე მოასპარეზე სტუმრებსაც...

 

თუმცა, ამ საქმიდან ვერც ერთმა და ვერც მეორე გუნდმა ნახა ხეირი და დღევანდელი მეტად საინტერესო შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. საბოლოოდ, ლიგა 3-ს ტურნირის მესამე ტურში "ზესტაფონმა" პირველი საგარეო ქულები მოიპოვა, მასპინძელმა გორელებმა კი, ძვირფასი ქულების დაკარგვის მიუხედავად, სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე დამკვიდრება მოახერხეს...

 

20.03.2024. ”გორი” - ”ზესტაფონი” 0-0

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მეტრეველი (მჟავანაძე, 90), ხუჯაძე, ბურჯანაძე, დევდარიანი, ვოსკანოვი, ანდრიაძე, პაპავა, ბებიაშვილი, ფანცულაია, ჭრელაშვილი (შალამბერიძე, 77).

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 28 მარტს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024