როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადების პროცესს განაგრძობს. 24 თებერვალს ჩვენმა გუნდმა რიგით მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონის ბაზაზე იმერლებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ში ახლახან აღზევებულ საფეხბურთო კლუბ "გონიოს" უმასპინძლეს.
აღსანიშნავია, რომ აჭარული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობს ლევან ჯოხაძე, რომელმაც ზესტაფონელ გულშემატკივარს თავი 2020-2022 წლებში ჩვენს გუნდთან წარმატებული მუშაობით დაამახსოვრა. მან "გონიოში" ძალიან ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი და შემთხვევითი სულაც არაა ის, რომ ბევრი სპეციალისტის მიერ აჭარული კლუბი მოახლოვებული სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად არის მიჩნეული...
რაც შეეხება დღევანდელ იმერულ-აჭარულ რანდევუს, ის "გონიოს" ფეხბურთელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით 5-1 დასრულდა. ზესტაფონელთაგან გატანილი გოლით თავი გუნდის ახალწვეულმა სლავა პაპავამ გამოიჩინა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის 2024 წლის 7 მარტს დაგეგმილ სტარტამდე (ამ დღეს "ზესტაფონი" ხაშურს ეწვევა და 19:00 საათზე თბილისის "ირაოს" დაუპირისპირდება) იმერლები კიდევ ერთ, დასკვნით ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ...