საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონისთვის მზადების პროცესს განაგრძობს. 18 თებერვალს ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელი წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს უმასპინძლეს.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. პირველ ტაიმში ზესტაფონელებმა ორჯერ მოიპოვეს თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება - პირველ ეპიზოდში თავი ლუკა დევდარიანმა გამოიჩინა, მეორეში კი ზუსტი გახლდათ ზაალ ზუზაძის დარტყმული.
მასპინძლები მეორე ნახევარშიც ფლობდნენ ინიციატივას და საბოლოოდ, კიდევ ორი გოლით დაამწუხრეს ახალგაზრდა ოპონენტები - დათო ბებიაშვილმა სტუმართა კარის აღება პირდაპირ საჯარიმო დარტყმით მოახერხა, საბოლოო წერტილი კი დღევანდელ შეხვედრას შოთა ანდრიაძემ დაუსვა...
მიმდინარე წლის 7 მარტს დაგეგმილი ეროვნული ლიგა-3-ს ტურნირის დაწყებამდე იმერლები ამხანაგურ შეხვედრებს კიდევ გამართავენ...