14.02.2024
ამხანაგური შეხვედრა "ტორპედო-2"-თან
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს, 14 თებერვალს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მინდორზე გამართულ სპარინგ-მატჩში ზესტაფონელები ადგილობრივი "ტორპედოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე აღდგენილ ქუთაისის "ტორპედოს" ძალიან სიმპატიურ მეორე გუნდთან დღევანდელი დაპირისპირება მეტად საინტერესოდ წარიმართა - პირველიდან უკანასკნელ წუთამდე მოედანზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა და მატჩი ძალიან კარგი საყურებელიც გამოდგა.
პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიში ზესტაფონელებმა გახსნეს - სტუმართა სწრაფი შეტევისას პარტნიორებმა ლუკა ჭრელაშვილი დროული გადაცემით მოამარაგეს და ამ უკანასკნელსაც გატანა არ გასჭირვებია. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ანგარიში გათანაბრდა - ქუთათურებმა "ზესტაფონის" კარში დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმის შემდეგ იხეირეს...
ბრძოლა არც მეორე ნახევარში განელებულა. სახიფათო მომენტები ძირითადად ქუთაისელთა კართან კი იქმნებოდა, თუმცა სტუმრებმა მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს და დღევანდელი იმერული დაპირისპირება საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
ჩემპიონატის დაწყებამდე ზემოიმერლები კიდევ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავენ...
|