როგორც იცით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXVI ეროვნულ ჩემპიონატს თბილისის "ორბისთან" 7 მარტს გასამართი გასვლითი სასტარტო შეხვედრით დაიწყებს. მანამდე კი გუნდი მოახლოვებული ბატალიებისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს.
საინტერესო სიახლეთა რიცხვს განეკუთვნება ის ამბავი, რომ ჩვენმა კლუბმა გაახანგრძლივა თანამშრომლობა გუნდში განვლილ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელთა ერთ ჯგუფთან - მარგველთა რიგებში ისევ იასპარეზებენ ანზორ მჟავანაძე, სანდრო სათირიშვილი, შოთა ანდრიაძე, გიორგი კლდიაშვილი, ზაალ ზუზაძე, ლუკა ჭრელაშვილი, ლუკა ფუტკარაძე, გიორგი სამხარაძე, გიორგი ხუჯაძე და თორნიკე შალამბერიძე. ამასთან, ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ გუნდს შეუერთდა ქობულეთის "შუქურადან" დაბრუნებული გიორგი აბრამიშვილი...
ამასობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა - 2024 წლის სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის ღირსებას 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დათო ბებიაშვილი დაიცავს!
დათო ბებიაშვილი ზესტაფონური ფეხბურთის აღზრდილია და ჩვენი კლუბის ღირსებას 2017-2019 წლებში ჭაბუკთა შორის გამართულ ტურნირებში იცავდა. ბოლო რამდენიმე სეზონში კი ახალგაზრდა ფეხბურთელი ადგილობრივი "მარგვეთი-2006"-ს რიგებში ასპარეზობდა...
ახალწვეულმა ჩვენს კლუბთან უკვე გააფორმა შრომითი ხელშეკრულება და გუნდთან ერთად მზადების პროცესს შეუდგა...