01.12.2023
"ზესტაფონმა" მისია შეასრულა!
2023 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სტადიონებზე გაიმართა XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის დასკვნითი, რიგით ოცდამეათე ტურის შეხვედრები. თბილისის ოლიმპიურმა კომპლექსმა ადგილობრივი "ლოკომოტივის" მეორე გუნდისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მატჩს უმასპინძლა...
ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს დასკვნითი, რიგით ოცდამეათე ტურის წინ მდგომარეობა სატურნირო ცხრილში მკვეთრად დაძაბული გახლდათ - გარდა იმისა, რომ ჯერაც გასარკვევი იყო ლიგა 2-ში დასაწინაურებელ პლეი-ოფში რუსთაველებთან ერთად გასული მეორე გუნდის ვინაობა, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ის, თუ ვინ დატოვებდა ლიგა 3-ს საჩხერის "ჩიხურასთან" და თბილისის "მერანი-2"-თან ერთად...
ბოლო ტურის წინ გავარდნის საფრთხე მხოლოდ ორ კლუბს ემუქრებოდა - "ზესტაფონსა" და ხელვაჩაურის "მაჭახელას". ჩვენი გუნდი ოპონენტს დასკვნითი მატჩების წინ 3 ქულით კი უსწრებდა, თუმცა ახალგაზრდა რკინიგზელებთან დაპირისპირებაში მარცხისა და საჩხერეში გამართულ შეხვედრაში აჭარელთა გამარჯვების შემთხვევაში, პირად შეხვედრებში უარყოფითი ბალანსის გათვალისწინებით, ლიგა 4-ში დაქვეითება სწორედ მარგველებს ემუქრებოდა...
წითელ-ყვითელი ბარათებით დახუნძლული რუსთაველებთან წინა ტურის შეხვედრის შემდეგ "ზესტაფონს" ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი (გიორგი სამხარაძე, ლაშა კუჭაშვილი, ლუკა სიგუა და ზაალ ზუზაძე) დააკლდათ. ამან, სეზონის ბოლოს ტრავმების (ლუკა დევდარიანი, გიორგი ხუჯაძე, ოთარ ხურციძე და შალვა ცქიფურიშვილი) მოძალებასთან ერთად, გუნდში არსებული საკადრო პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა...
ამის მიუხედავად, მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ზესტაფონელები თბილისის ოლიმპიური კომპლექსის მწვანე მინდორზე ოპტიმისტური შემართებით გავიდნენ და დამატებითი საპრიზო ბონუსების მომცემ ათეულში მოსახვედრად მებრძოლ ახალგაზრდა რკინიგზელებს დიდი ბრძოლა გაუმართეს...
მატჩის სადებიუტო ნაწილი თბილისელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მატჩის ამ მონაკვეთში ზესტაფონელებს ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უწევდათ. ტაიმის შუაწელისკენ თამაში გათანაბრდა და შეხვედრის პირველი ნახევარიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.
მეორე ტაიმის დასაწყისიც მთლიანობაში თანაბარი გამოდგა. 64-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა - მას შემდეგ, რაც შოთა შეყილაძემ დიდოსტატური სიზუსტით გაკეთებული გადაცემით რკინიგზელთა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა ნიკოლოზ ხელიძე, ამ უკანასკნელმა აუღებელი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა!
მალევე შოთა შეყილაძეს თავადაც უნდა გაეტანა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ მასპინძელთა მცველებმა ბურთის საკუთარი კარის ხაზიდან გამოტანა მოახერხეს. მატჩის დასკვნითი ნაწილი ნერვიულად, დიდ ბრძოლაში გაილია, თუმცა გოლები აღარ გასულა და "ზესტაფონმა" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება მოახერხა - მარგველთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1:0.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეროვნული ლიგა 3-ს დღეს დასრულებული ტურნირის შედეგების მიხედვით, ლიგა 2-ს საგზურები დუშეთის "არაგვმა" და სართიჭალის "შტურმმა" მოიპოვეს (ორივე კლუბს ვულოცავთ ამ წარმატებას!), ლიგა 2-ში გადასასვლელ პლეი-ოფში თბილისის "ვარკეთილი" და "რუსთავი" იასპარეზებენ, ხოლო ლიგა 4-ში ზემოთ ნახსენებ საჩხერის "ჩიხურასთან" და თბილისის "მერანი-2"-თან ერთად, ხელვაჩაურის "მაჭახელაც" ჩაინაცვლებს...
* * *
ბოლოს კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თვითოეულ ფეხბურთელს, კლუბის ადმინისტრაციას და სამწვრთნელო თუ სამედიცინო შტაბების ყველა წევრს გვინდა მადლობა გადავუხადოთ!
უნდა ითქვას, რომ კონკურენტებთან ძალიან ბევრი თვალსაზრისით არათანაბარ პირობებში მყოფმა გუნდმა, რომელსაც ყველაფერთან ერთად, ძალიან ხშირად უსამართლობასთან ჭიდილიც უწევდა, საკუთარი მისია სუფთა გულებითა და ხელებით შეასრულა და უმძიმესი სეზონი ღირსეულად, თავაწეულმა დაასრულა!
|
01.12.2023. ”ლოკომოტივი-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-1 |
"ზესტაფონი": იგითხანიანი, შალამბერიძე, ნუცუბიძე, მჟავანაძე (დეისაძე, 32), თავაძე, გიგოლაშვილი, კლდიაშვილი, სათირიშვილი (ლ. ფუტკარაძე, 90+6), ანდრიაძე, ხელიძე (ქვარცხავა, 75), შეყილაძე.
დაწვრილებით:
|
|