Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.11.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ხაშურში განცდილი მძიმე მარცხი

 

 

 

 

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის ოცდამერვე ტურის შეხვედრები. გრიგოლ ჯომართიძის სახელობის ხაშურის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ბორჯომმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა...

 

დღევანდელ შეხვედრას ზესტაფონელები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - ლუკა დევდარიანის, ბადრი თავაძის, გიორგი ხუჯაძის, გოგა ქვარცხავას, გიორგი სამხარაძის, შალვა ცქიფურიშვილისა და ოთარ ხურციძის ტრავმებს შოთა ანდრიაძისა და დავით ნუცუბიძის დისკვალიფიკაციით გამოწვეული უქმობა დაემატა და ბორჯომელებთან სათამაშოდ იმერლები მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით გავიდნენ...

 

მატჩის დასაწყისშივე ზემოთ ნახსენებ 9-კაციან დანაკლისს გიორგი კლდიაშვილის გამოკლებაც დაემატა - ზესტაფონელთა ნახევარმცველმა შეხვედრის მე-17 წუთზე დაზიანება მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე შესვლა ახალგაზრდა თორნიკე შალამბერიძეს მოუხდა...

 

მატჩის საწყისი ნაწილი სტუმართა შეტევებში გაილია - შოთა შეყილაძე და ნიკა ხელიძე აქტირუობდნენ და მასპინძელთა დაცვის ხაზს ბევრ საფიქრალსაც უჩენდნენ. თუმცა, ბორჯომელთა პირველივე იერიში იმერელთა კარში დანიშნული 11-მეტრიანით დასრულდა - ამ ეპიზოდში შოთა იგითხანიანმა ივარგა და სანდრო ჭანტურიშვილის დარტყმა კუთხურზე მოიგერია...

 

26-ე წუთზე მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ - სტუმართა კარის სიახლოვეს დანიშნული სტანდარტის შემდეგ საჯრიმოში ჩამოწოდებულ ბურთს ადგილი კარის ბადეში ექს-ზესტაფონელმა მამუკა კაპანაძემ მიუჩინა. 44-ე წუთზე კი "ზესტაფონის" კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა - ამჯერად სანდრო ჭანტურიშვილის დარტყმა ზუსტი გახლდათ.

 

მეორე ნახევარში ზესტაფონელებმა კი სცადეს თამაშის სცენარის სათავისოდ შეცვლა, თუმცა მათ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს და 64-ე წუთზე, მასპინძელთა მორიგი კონტრიერიშისას, ბაჩანა ბერუჩაშვილის კიდევ ერთი გოლით იქნენ დასჯილნი. მატჩიც ბორჯომელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.

 

21.11.2023. ”ბორჯომი” - ”ზესტაფონი” 3-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, კლდიაშვილი (შალამბერიძე, 17), დეისაძე, მჟავანაძე, გიგოლაშვილი (ლ. ფუტკარაძე, 46), სათირიშვილი, სიგუა, კუჭაშვილი, ზუზაძე (ჭრელაშვილი, 71), შეყილაძე, ხელიძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023