Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.11.2023

 

 

 

 

 

 

 

 

საბრძოლო ფრე "ირაოსთან"

 

 

 

 

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრები - ჩვენმა გუნდმა დღეს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ თბილისის საფეხბურთო კლუბ "ირაოს" უმასპინძლა. უნდა ითქვას, რომ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო ეს მატჩი ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე გაიმართა...

 

2023 წლის საფეხბურთო სეზონის ბოლოსწინა საშინაო შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე თბილისელებმა მიმდინარე ტურნირის მსვლელობისას თავი ნამდვილად კარგად წარმოაჩინეს, როგორც უკომპრომისო და სპორტული პრინციპების ბოლომდე ერთგულმა ახალგაზრდულმა გუნდმა. ყველაფერთან ერთად, კერძო საკუთრებაში მყოფ ამ ძალიან სიმპატიურ კლუბს ახალგაზრდა ენთუზიასტთა ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომლებსაც კლუბის განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი გეგმებიც გააჩნიათ...


ყოველივე ზემოთქმულისა და დღევანდელი მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, მასპინძლებს, სადღეისოდ შექმნილი სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ და აქედან გამომდინარე, შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოყოლებული მოედანზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა...

 

პირველი ნახევარი მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში გაილია. მცირე ტერიტორიულ უპირატესობას უმეტესად თბილისელები ფლობდნენ, ხოლო ზესტაფონელები თავის შანსის პოვნას სწრაფ კონტრაქციებში ცდილობდნენ. ანგარიში ტაიმის მიწურულს, კერძოდ 41-ე წუთზე გაიხსნა - სტუმართა ხანგრძლივი შეტევა ზუსტი თავურით ლუკა ჯანაშიამ დააგვირგვინა...

 

მასპინძელთათვის არც მეორე ტაიმის დებიუტი გამოდგა მარტივი - 55-ე წუთზე ნიკო გოჩოლეიშვილმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ კი თამაშის სცენარი მკვეთრად შეიცვალა და მატჩის სადავეებს უკვე იმერლები დაეუფლნენ. თავიდან ანგარიშის დასველების კარგი შანსი შოთა შეყილაძეს მიეცა, თუმცა მისი დარტყმული კარის ძელმა მოიგერია. 67-ე წუთზე კი ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა - ნიკოლოზ ხელიძის თავური სტუმართა კიპერისათვის აუღებელი გამოდგა.

 

მატჩის დასკვნით ნაწილი ზესტაფონელებმა იერიშებში გაატარეს და 86-ე წუთზე მიაღწიეს კიდეც საწადელს - სტუმართა კარის სიახლოვეს დანიშნული სტანდარტულის გათამაშებისას ლაშა კუჭაშვილმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და თბილისელმა ლუკა ჯაფარიძემ ის საკუთარი კარის ბადეში თავით გადაგზავნა. შედეგად, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

 

14.11.2023. ”ზესტაფონი” - ”ირაო” (თბილისი) 2-2

"ზესტაფონი": იგითხანიანი, კლდიაშვილი (ზუზაძე, 68), დეისაძე, გიგოლაშვილი, სათირიშვილი, ანდრიაძე, სამხარაძე (ლ. ფუტკარაძე, 71), სიგუა, კუჭაშვილი, ხელიძე, შეყილაძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023