08.11.2023
საშინაო მარცხი უშუალო კონკურენტთან
მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით ოცდამეექვსე ტურის შეხვედრები. 8 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სსაფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლა...
როგორც იცით, სადღეისოდ უკვე გარკვეულია, რომ ეროვნულ ლიგა 3-ს ნაადრევად ემშვიდობებიან საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "მერანი-2" და სეზონის ბოლომდე დარჩენილ 5 ტურში გასარკვევი მხოლოდ მესამე წარუმატებელი გუნდის ვინაობა გახლავთ...
25 გამართული ტურის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა ხელვაჩაურელებს, "ბორჯომსა" და "ზესტაფონს" მოუწევდათ. დღევანდელ მატჩამდე "მაჭახელა" ბორჯომელებს - 9, ხოლო ზესტაფონელებს - 7 ქულით ჩამორჩებოდა და აქედან გამომდინარე, არ იყო რთული მისახვედრი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ორივე გუნდი დღევანდელ შეხვედრას ...
მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები ზესტაფონელებმა ვერც დღევანდელ შეხვედრაში აიცილეს თავიდან - დისკვალიფიცირებული ლუკა სიგუასა და ანზორ მჟავანაძის გარდა, იმერულ გუნდს ვერც ტრავმირებული ლუკა დევდარიანი, გიორგი ხუჯაძე და ბადრი თავაძე დაეხმარნენ. მატჩის მსვლელობისას კი მიღებული დაზიანებების გამო ზესტაფონელებს გოგა ქვარცხავა და ანზორ დეისაძე დააკლდნენ...
მოკლედ, ამდენი დანაკლისისა და უიღბლობის შემდეგ, ვერც ხელვაჩაურელებთან მატჩი ჩატარდა შესაბამის დონეზე. მატჩის დაწყებიდანვე ფეხბურთელებს ნერვიულობა ეტყობოდათ და ამან საბოლოოდ ძალიან ბევრი დაშვებული შეცდომაც გამოიწვია...
ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. სტუმართა პირველი გოლის დროს კონტრშეტევისას მშვენივრად ითამაშა ექს-ზესტაფონელმა ჯუმბერ ხმელიძემ - მან ორ მცველს შორის ძალიან დროული გამჭოლი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა თემურ კეპულაძე და მანაც მშვიდად გაიტანა...
21-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - გოგა ქვარცხავას წაქცევისა და მძიმე ტრავმის მიღების ფასად დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად შოთა შეყილაძემ აქცია. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა...
მეორე ტაიმის დაწყებიდან მოყოლებული მასპინძლებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანეს, თუმცა შეხვედრის 59-ე წუთზე კიდევ ერთი ექს-ზესტაფონელის ანრი ზაქარაშვილის დაახლოებით 25 მეტრიდან "ცხრიანში" ულამაზეს გასროლას ვეღარაფერი მოუხერხეს. ამის შემდეგ მასპინძელთა გუნდი სულ აირია და მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა - 1:2.
|
08.11.2023. ”ზესტაფონი” - ”მაჭახელა” (ხელვაჩაური) 1-2 |
"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა (ცქიფურიშვილი, 27), გიგოლაშვილი, დეისაძე (ზუზაძე, 60), ნუცუბიძე, სათირიშვილი, სამხარაძე, კუჭაშვილი, ანდრიაძე, ხელიძე (კლდიაშვილი, 84), შეყილაძე.
დაწვრილებით:
|
|