06.11.2023
გუნდური ფოტო და მზადება გადამწყვეტი მატჩისთვის
"ზესტაფონის" პირველი გუნდი ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" წინააღმდეგ 8 ნოემბერს გასამართი საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრისათვის მშობლიურ ქალაქში ემზადება...
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ 25 გამართული ტურის შემდეგ გარკვეულია ის, რომ ეროვნულ ლიგა 3-ს ნაადრევად ემშვიდობებიან საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "მერანი-2" და სეზონის ბოლომდე დარჩენილ 5 ტურში გასარკვევი მხოლოდ მესამე წარუმატებელი გუნდის ვინაობა გახლავთ...
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე უკვე გამოკვეთილია ის, რომ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის ბრძოლა სწორედ ხელვაჩაურელებს, საფეხბურთო კლუბ "ბორჯომსა" და "ზესტაფონს" მოუწევთ. სადღეისოდ "მაჭახელა" ბორჯომელებს - 9, ხოლო ზესტაფონელებს - 7 ქულით ჩამორჩება და აქედან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ორივე გუნდისთვის ზეგინდელ შეხვედრას...
აჭარლებთან გადამწყვეტი მატჩისთვის სამზადისი ზემოიმერელთა მწვრთნელთა მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ბიჭები სრული მობილიზებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მათ რიგებში საბრძოლო განწყობა სუფევს...
გუშინდელი ვარჯიშის დაწყებამდე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებმა, პერსონალმა და ფეხბურთელებმა, დიდი ხნის წინ დამკვიდრებული წოველწლიური ტრადიციის თანახმად, გუნდური ფოტოც გადაიღეს და გადაღებისთვის მომზადების პროცესში ბევრი იხალისეს კიდეც...
როგორც უკვე გითხარით, ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" მატჩს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 8 ნოემბერს გამართავს - სატურნირო ცხრილში მეზობელთან, ერთადერთ მდევართან და უშუალო კონკურენტთან შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:30 საათზე დაიწყება...
ვახო ლაბაძის ფოტო |