Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.10.2023

 

 

 

 

 

 

 

 

სეზონში პირველი გამარჯვება დიდი ანგარიშით

 

 

 

 

2023 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა სტადიონზე XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. "შრომითი რეზერვების" სახელწოდებით ცნობილმა დედაქალაქურმა საფეხბურთო კომპლექსმა თბილისის "მერანის" მეორე გუნდისა და "ზესტაფონის" მატჩს უმასპინძლა...

 

ლანჩხუთის "გურიასთან" წინა ტურის შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფ "ჩიხურასთან" ზესტაფონელთა უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია. ეს კი, იმის გათვალისწინებით, რომ "ზესტაფონმა" საჩხერულ კლუბს ორივე უშუალო შეხვედრა მოუგო, ნიშნავდა იმას, რომ ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ჩვენი გუნდი მეზობელთათვის მიუწვდომელი გახდა...

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გახლდათ ის, რომ ამ რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩების შედეგებმა ნათელი გახადა ის, რომ ეროვნულ ლიგა 2-ს ემშვიდობება თბილისის "მერანი". ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავდა იმას, რომ ამ კლუბის ფარმ-კლუბი და ზესტაფონელთა დღევანდელი მეტოქე, დარჩენილ ტურებში მოპოვებული ქულების რაოდენობისა და საბოლოო ცხრილში დაკავებული ადგილის მიუხედავად, სფფ-ს საშეჯიბრო დებულების 3.18 და 3.19 პუნქტების თანახმად, გაისად ერთი დივიზიონით, ლიგა 4-ში დაქვეითდება...

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადღეისოდ უკვე გარკვეულია, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ნაადრევად ემშვიდობებიან საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "მერანი-2" და სეზონის ბოლომდე დარჩენილ ტურებში გასარკვევი მხოლოდ მესამე წარუმატებელი გუნდის ვინაობა დარჩა...

 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თბილისელთა გუნდის წინასამატჩო შემართებაზე ასეთ უსიამოვნო სიახლეებს დამთრგუნველად სულაც არ უმოქმედია - ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ ზესტაფონელებთან დაპირისპირებას ისინი სრული მზადყოფნით შეხვდნენ და კლუბის პირველი გუნდის წინა მატჩის მონაწილე ერთბაშად 7 ფეხბურთელი დაიმატეს...

 

სტუმართა მდგომარეობა დაამძიმა იმანაც, რომ ზემოიმერლებს საკადრო პრობლემების მორიგი "ტალღა" ეწვია - დისკვალიფიკაცირებული ლუკა სიგუასა და ანზორ მჟავანაძის და ტრავმირებული ლუკა დევდარიანის არყოფნას გიორგი ხუჯაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ბოლო მომენტში წარმოქმნილი პრობლემაც დაემატა...

 

ერთბაშად სამი წამყვანი ცენტრალური მცველის არყოფნაში სტუმართა სამწვრთნელო შტაბს სასწრაფო გადაწვეტილებების მიღება მოუწია და "მერანი-2"-თან დაპირისპირებაში მარგველთა დაცვის ხაზი მნიშვნელოვნად გადახალისებულად გამოიყურებოდა - ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა 20 წლის ანზორ დეისაძემ, რომლის თამაშმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა...

 

მატჩის დებიუტშივე თბილისელთა მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო იმერლები 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა ამ ეპიზოდში წესის დარღვევა არ დააფიქსირა. თამაში სტუმართა ინიციატივით გაგრძელდა და 30-ე წუთზე მათ ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს - დამატებაზე თამაშისას ყველას შოთა შეყილაძემ აჯობა და აუღებელი ლამაზი დარტყმით თავის გუნდი წინ გაიყვანა.

 

შედეგიანი გამოდგა ზემოიმერელთა მომდევნო იერიშიც - 31-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა შოთა შეყილაძემ ზუსტი გადაცემით მერანელთა გოლკიპერ ცეზარ ტოგონიძესთან პირისპირ დატოვა თანაგუნდელი შოთა ანდრიაძე და შეტევის დაგვირგვინება არც მეორე შოთას გასჭირვებია... პირველი ნახევარი სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში დიდამდე გაიზარდა - მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე გოგა ქვარცხავას წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა 49-ე წუთზე გოლად ნიკოლოზ ხელიძემ აქცია. 55-ე წუთზე თბილისელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა - საკუთარ საჯარიმოში მერანელთა მხრიდან ხელით თამაშის გამო დანიშნული "უმთავრესი სასჯელი" გოლად ამჯერად შოთა შეყილაძემ აქცია და დუბლი შეასრულა...

 

მიმდინარე სეზონის მსვლელობისას გამარჯვებამონატრებულმა ზესტაფონელებმა თამაშის ტემპი არც ამის შემდეგ დააგდეს და 62-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადეს - შეტევის მარცხენა ფლანგიდან გოგა ქვარცხავას კარგი გარღვევისა და საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების შემდეგ, ყველას ნიკოლოზ ხელიძემ დაასწრო, ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში 0:5 გახადა და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში დუბლის მეორე ავტორი გახდა...

 

თამაშის სურათი არც ამის შემდეგ შეცვლილა და 77-ე და 79-ე წუთებზე გატანილი ორი გოლით ზესტაფონელთა შემადგენლობაში მორიგი, რიგით მესამე დუბლის ავტორობა შეცვლაზე შემოსულმა გამოცდილმა შალვა ცქიფურიშვილმაც გაიფორმა - პირველ ეპიზოდში მან დასწრებაზე თამაშისას იმარჯვა, მეორეში კი გოლად კიდევ ერთი პენალტი აქცია...

 

დღევანდელი მატჩის დასკვნით ნაწილში გოლები აღარ გასულა და "ზესტაფონმა" მიმდინარე სეზონის მსვლელობისას დიდი ანგარიშით პირველი, თანაც მეტად შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვება მოახერხა - 7:0.

 

31.10.2023. ”მერანი-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-7

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა, თავაძე, დეისაძე, ნუცუბიძე (ლ. ფუტკარაძე, 76), სათირიშვილი, სამხარაძე (გიგოლაშვილი, 76), კუჭაშვილი, ანდრიაძე, ხელიძე (ზუზაძე, 68), შეყილაძე (ცქიფურიშვილი, 63).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023