Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.10.2023

 

 

 

 

 

 

 

 

შოთა შეყილაძის დუბლი და გამარჯვება "გურიასთან"

 

 

 

 

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით ოცდამეოთხე ტურის შეხვედრების ერთი ნაწილი - დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა...

 

ორი სახელოვანი და მრავალი ტიტულის მფლობელი ქართული კლუბის დღევანდელ დაპირისპირებას მასპინძელთათვის, ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს სატურნირო ცხრილში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა. იმერლები ხომ გასავარდნი ზონის სიახლოვეს იმყოფებიან და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ფიცხელ ბრძოლაში არიან ჩართულნი...

 

თავის მხრივ, ლანჩხუთელებიც საბრძოლო განწყობით ეწვივნენ ზესტაფონს და ყოველივე ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე საფარზე მატჩის დაწყებისთანავე დიდი ჯახი გაჩაღდა. პირველ წუთებზე გუნდებმა სახიფათი ჩხვლეტები კი გაცვალეს, თუმცა სასტარტო მონაკვეთი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა...

 

ანგარიში დღევანდელი მატჩის 29-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა მორიგი იერიშის დასრულება ზესტაფონელთა რიგებში სულ ახლახანს დაბრუნებულმა შოთა შეყილაძემ ითავა და უძლიერესი აუღებელი დარტყმით ბურთი ლანჩხუთელთა კარის ცხრიანში გაჭედა - 1:0. პირველი ნახევარიც სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა...

 

მეორე ტაიმი მასპინძლებმა ფრთხილად დაიწყეს, "გურიას" ფეხბურთელებმა კი სათამაშო ინიციატივის დაუფლება სცადეს და მასპინძელთა კარის მიმართულებით რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. თუმცა, იმერლები დაცვის სტადიაში მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედებდნენ და მათთვის ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნებას ახერხებდნენ...

 

მატჩის ბოლოსკენ მეტოქეთა სამწვრთნელო შტაბებმა ცვლილებებს მიმართეს და უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა დამრიგებლის გათვლამ შედეგი მოიტანა კიდეც - 81-ე წუთზე მოედანზე შეცვლაზე შესულმა ზაალ ზუზაძემ მოედნის ცენტრიდან წამოიწყო სწრაფი შეტევა და შოთა შეყილაძე გამოზომილი გადაცემით სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა ლანჩხუთელთა საჯარიმოსკენ შეიწია და კარიდან გამოსულ მეკარე ნიკოლოზ შაფათავას ბურთი თავზე ოსტატურად გადაუგდო!

 

სიმწვავე დღევანდელ დაპირისპირებას არც მატჩის დასკვნით მონაკვეთში მოჰკლებია და ემოციების ზედმეტად გამოვლენის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება ზესტაფონელ ანზორ მჟავანაძესა და ლანჩხუთელ დავით ჭანკოტაძეს მოუხდათ. მოედანზე არსებული დაძაბული ფონის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ზემოიმერლებმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს - 2:0.

* * *

მომდევნო მატჩს "ზესტაფონი" 31 ოქტომბერს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს ესტუმრებიან. მატჩს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის "შრომითი რეზერვების" სახელწოდებით ცნობილი კომპლექსი უმასპინძლებს და ის 15:00 საათზე დაიწყება...

 

24.10.2023. ”ზესტაფონი” - ”გურია” (ლანჩხუთი) 2-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა, თავაძე, ხუჯაძე (ცქიფურიშვილი, 69), მჟავანაძე, ნუცუბიძე, სამხარაძე, კუჭაშვილი, ანდრიაძე, ხელიძე (ზუზაძე, 69), შეყილაძე (გიგოლაშვილი, 90).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023