17.10.2023
ბოლო წუთზე დაკარგული ქულის ამბავი
2023 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამესამე ტურის შეხვედრები - საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე სართიჭალის "შტურმმა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.
საინტერესო ამბავთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ის გარემოება, რომ სართიჭალელთა ბოლო მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გამართული დღევანდელი შეხვედრა მაყურებელთა გარეშე ჩატარდა. რაც შეეხება იმერლებს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მათ ოპტიმალურთან მიახლოვებული შემადგენლობის მობილიზება მოახერხეს. სტუმართა ერთადერთი დანაკლისი ტრავმირებული ლუკა დევდარიანის არყოფნა გახლდათ...
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებისათვის ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ კონკურენტებთან ფიცხელ ბრძოლაშია ჩართული და აქედან გამომდინარე, "შტურმს" ქულების გაფლანგვის უფლება აღარ აქვს დარჩენილი. თავის მხრივ, ზესტაფონელთათვისაც თვითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება...
მატჩის საწყისი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში გაილია - გუნდები ძირითადად ინიციატივის დაუფლებისათვის ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი. საგოლე სიტუაციები ნაკლებად კი იქმნებოდა, თუმცა 24-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს - შეტევის ცენტრალური ზონიდან განვითარებული იერიშისას დასარტყმელ პოზიციაზე გურამ ლუკავა დარჩა და ძლიერი დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია...
ზემოიმერლები მოვლენათა ასეთი განვითარებით სულაც არ დარჩნენ კმაყოფილნი, მათ მასპინძელთა კარს შეუტიეს და სულ რაღაც ოთხიოდე წუთში (28-ე წუთი), "შტურმის" საჯარიმოში გოგა ქვარცხავას წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად "ზესტაფონში" სულ ახლახან დაბრუნებულმა შოთა შეყილაძემ აქცია!
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილში უფრო დამაჯერებლად სტუმრები გამოიყურებოდნენ და სწრაფი შეტევებით ცდილობდნენ მასპინძელთათვის დისკომფორტის შექმნას. მე-60 წუთზე შოთა შეყილაძემ კიდევ ერთხელ შეარხია "შტურმის" კარის ბადე, თუმცა ამ ეპიზოდში გვერდითმა არბიტრმა მეტად სათუო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა...
რამდენიმე წუთში კი ზესტაფონელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ - ლუკა სიგუამ ზედიზედ 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამ ეპიზოდის შემდეგ სტუმრებს ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უწევდათ ზრუნვა და მათ სანუკვარი ფრის მიღწევამდე სულ ცოტა დააკლდათ...
მატჩის არბიტრ
ბაქარ ბრეგაძის მიერ კომპენსირებულ პირველ (90+1) წუთზე "შტურმის" ფეხბურთელმა ზურაბ გოლუბიანმა გადამწყვეტი და მისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოახერხა. ზესტაფონელებმა კი საგარეჯოში გამართულ დღევანდელ დაპირისპირებაში მეტად დასანანი მარცხი, ანგარიშით 2:1 განიცადეს.
* * *
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 24 ოქტომბერს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება...
|
17.10.2023. ”შტურმი” (სართიჭალა) - ”ზესტაფონი” 2-1 |
"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა, ნუცუბიძე, ხუჯაძე, მჟავანაძე, თავაძე, სათირიშვილი (კლდიაშვილი, 56), სიგუა, ანდრიაძე, კუჭაშვილი (ხელიძე, 46), შეყილაძე (ცქიფურიშვილი, 82).
დაწვრილებით:
|
|