Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.10.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ფრე ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ტყიბულელებთან

 

 

 

 

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით ოცდამეორე ტურის შეხვედრები - დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლა...

 

საკადრო დანაკლისი ამ ბოლო პერიოდში ზესტაფონელთა თანმდევ ერთგვარ "თავგადასავლად" იქცა - ტრავმირებული ლუკა დევდარიანის არყოფნას ამჯერად ლაშა კუჭაშვილისა და ანზორ მჟავანაძის დისკვალიფიკაცია დაემატა. თავის მხრივ, იყო დადებითი მომენტებიც - მოედანს 3-მატჩიანი პაუზის შემდეგ ლუკა სიგუა და სანდრო სათირიშვილი დაუბრუნდნენ. რაც შეეხება შოთა შეყილაძეს, მან ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველად "დავით აბაშიძეზე" ისევ მისთვის მშობლიური კლუბის მაისურით იასპარეზა...

 

შეხვედრის სადებიუტო ნაწილი თანაბარ, თუმცა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის დაუფლებისათვის ფიცხელ ბრძოლაში გაილია. თითქოს განსაკუთრებული ხიფათი არცერთ კართან შექმნილა, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, 26-ე წუთზე წინ სტუმრები გავიდნენ - მიზანს ტყიბულელი ნიკო აბულაძის უძლიერესმა შორეულმა დარტყმამ მიაღწია...

 

გაშვებული გოლი მასპინძელთათვის მოულოდნელი გამოდგა და პირველი ტაიმის მეორე ნაწილი უკეთ "მეშახტემ" ჩაატარა. ორ ეპიზოდში კი მასპინძლეთა გოლკიპერ შოთა იგითხანიანს მთელი თავის სპორტული ოსტატობის დემონსტრირებაც მოუხდა. თუმცა, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაიმი სტუმართა მინიმალური უპირატესობით 0:1 დასრულდა.

 

მინდორზე გაჩაღებული შეურიგებელი ბრძოლა შეხვედრის მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. თამაშის განახლებისთანავე გოლის გატანის კარგი შანსი ისევ ტყიბულელებს მიეცათ, თუმცა ისევ მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ მასპინძელთა კარის დარაჯი. თავის მხრივ, გოლის გატანის ძალიან შანსები სანდრო სათირიშვილსა და შოთა შეყილაძეს მიეცათ, თუმცა ორივე შემთხვევაში ზესტაფონელთა დარტყმებს სიზუსტე ოდნავ დააკლდა...

 

მატჩის მიწურულს მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბმა შეცვლებს მიმართა, თამაშში შემტევები შეიყვანა და გუნდის სათამაშო სქემა სამფორვარდიან ვარიანტზე გადააწყო. უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ, მალხაზ ღონღაძის ეს ჩანაფიქრი გუნდისთვის შედეგის მომტანი აღმოჩნდა!

 

შეხვედრის ბოლო, 90-ე წუთზე "მეშახტეს" საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა საჯარიმო დარტყმა, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე გიორგი სამხარაძემ აიღო და ბურთი მეკარის ბაქანის მიმართულებით გადაჰკიდა, იქ კი ყველას ნიკოლოზ ხელიძემ დაასწრო და ბურთს, ჩოხატაურში გამართულ წინა შეხვედრაში მის მიერვე გატანილი გოლის ეპიზოდის მსგავსად, მიმართულება თავით ოდნავ შეუცვალა და "მრგვალი საგანი" გაზონთან კონტაქტის შემდეგ, სტუმართა კიპერისათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და კარის ბადეში გაეხვია...

 

მატჩის არბიტრმა ცოტნე სამსონაშვილმა ძირითად დროს 6 წუთი დაამატა - თამაშის ამ მონაკვეთში გამარჯვების გოლის გასატანად ორივე გუნდმა კი გაიწია, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონურმა გუნდმა, ითამაშა რა უკვე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ფრედ, საკუთარ აქტივს მეტად მნიშვნელოვანი ქულა შემატა - 1:1.

 

12.10.2023. ”ზესტაფონი” - ”მეშახტე” (ტყიბული) 1-1

"ზესტაფონი": იგითხანიანი, სათირიშვილი (ხელიძე, 57), თავაძე, ხუჯაძე, ნუცუბიძე, ქვარცხავა, სამხარაძე, სიგუა, ანდრიაძე, ცქიფურიშვილი (ზუზაძე, 75), შეყილაძე (კლდიაშვილი, 90).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023