როგორც მოგეხსენებათ, 2000 წელს დაბადებული შოთა შეყილაძე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აღზრდილია. 2017 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17-წლამდელთა "ოქროს ლიგაში" მან მეტოქეთა კარში 44 გოლი გაიტანა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის საპატიო წოდება მოიპოვა და "ზესტაფონის" U17 გუნდთან ერთად ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა...
მიუხედავად იმისა, რომ შოთა შეყილაძეს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებდა, U19 ნაკრების ინტერესების, თავად ფეხბურთელის ახალ დონეზე გადანაცვლების სურვილის გათვალისწინებითა და მისი პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, 2018 წლის დასაწყისში ჩვენმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება ჩვიდმეტწლამდელთა ეროვნული ჩემპიონატისა და"ოქროს ლიგის" საუკეთესო ბომბარდირის ეროვნული ლიგა 1-ს კლუბში, კერძოდ კი თბილისის "ლოკომოტივში" გაშვების შესახებ.
"ლოკომოტივში" ნიჭიერმა ფორვარდმა, თუ არ ჩავთვლით 2021 წელს ასევე უმაღლესლიგელ "თელავში" ერთწლიან იჯარას, 2022 წლის ბოლომდე იასპარეზა, მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი კი მან ყაზახეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ ასტანის "ჟენისში" გაატარა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები ყველა კლუბის გულშემატკივარს ახალგაზრდა ფორვარდმა თავი არაერთი მნიშვნელოვანი გოლით დაამახსოვრა...
სამწუხაროდ, მიმდინარე წლის აპრილში ყაზახეთში მიღებული დაზიანების გამო შოთა შეყილაძეს ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდა. უკვე თითქმის ორი თვეა, რაც ფეხბურთელი მშობლიურ ქალაქში იმყოფება და სარეაბილიტაციო პროცესს მისთვის მშობლიურ გუნდთან ერთად გადის. საბოლოოდ, მხარეთა შეთანხმების თანახმად, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე 23 წლის ფორვარდი "ზესტაფონის" შემადგენლობაში იასპარეზებს...