21.09.2023
გორთან გამართულ ბრძოლაში მოპოვებული ქულა
2023 წლის 21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეცხრამეტე ტურის მატჩები - გორის საფეხბურთო კომპლექს "ქართლზე" ჩატარებულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა "გორმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა.
დღევანდელ შეხვედრას ზესტაფონელები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - ლუკა დევდარიანის, ბადრი თავაძისა და ოთარ ხურციძის ტრავმებს ლუკა სიგუასა და სანდრო სათირიშვილის დისკვალიფიკაციით გამოწვეული უქმობა დაემატა და გორელებთან სათამაშოდ იმერლები მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით გავიდნენ...
ამდენი უსიამოვნების პარალელურად, ერთი ძალიან კარგი ამბავიც მოხდა - უმძიმესი ტრავმით გამოწვეული თითქმის ორწლიანი პაუზის, ოპერაციის შემდგომი ხანგრძლივი რეაბილიტაციისა და თავდადებული აღსადგენი სავარჯიშო პროცესის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა 23 წლის ძალიან ნიჭიერი მცველი გიორგი ხუჯაძე, რომელიც ჩვენი კლუბის რიგებში 16 წლის ასაკიდან ასპარეზობს...
გორულ-ზესტაფონური დუელის პირველი ნახევარი მთლიანობაში თანაბრად წარიმართა, თუმცა ტაიმის ბოლო მესამედში მასპინძლები გააქტიურდნენ და არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში დაწინაურდნენ კიდეც - სტუმართა მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი 45+5-ე წუთზე საბა გეგელაშვილმა გოლად აქცია.
მარგველებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და 57-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში გოგა ქვარცხავას წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად სტუმართა გუნდის ვეტერანმა შალვა ცქიფურიშვილმა აქცია. თუმცა, გორელებმა ზესტაფონელებს ზეიმი არ აცადეს და 61-ე წუთზე საბა გეგელაშვილმა წინ ისევ საკუთარი გუნდი გაიყვანა...
ამას კი ზემოიმერელთა კიდევ ერთი გააქტიურება და სათამაშო ინიციატივის სტუმართა კონტროლის ქვეშ მორიგი გადაბარგება მოყვა. ზესტაფონელები გეგმაზომიერად ეძებდნენ მასპინძელთა კარის გასაღებს და 85-ე წუთზე, უკვე გორელთა მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი გოლად ისევ გამოცდილმა შალვა ცქიფურიშვილმა აქცია.
დარჩენილ დროში შიდაქართლელებმა სამი ქულის მოსაპოვებლად კი გაიწიეს, თუმცა სტუმართა კარის აღება ვეღარ მოახერხეს. მეტიც, მატჩის ძირითადი დროისათვის კომპენსირებულ წუთებზე იმერლებს რომ ოდნავ ევაჟკაცათ, ისინი გორიდან 3 ქულით ხელდამშვენებულნიც დაბრუნდებოდნენ. საბოლოოდ კი, დღევანდელი ძალიან დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 27 სექტემბერს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...
|
21.09.2023. ”გორი” - ”ზესტაფონი” 2-2 |
"ზესტაფონი": იგითხანიანი, ნუცუბიძე, ქვარცხავა, ხუჯაძე (გიგოლაშვილი, 65), მჟავანაძე, ანდრიაძე, ცქიფურიშვილი, სამხარაძე, კუჭაშვილი, ზუზაძე (შალამბერიძე, 90), ხელიძე (ჭრელაშვილი, 75).
დაწვრილებით:
|
|