Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.09.2023

 

 

 

 

 

 

 

 

მატჩი ლიდერთან და სამსაჯო პერფორმანსი ზესტაფონში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მოტიგი, რიგით მეთვრამეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში "ზესტაფონმა" ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" უმასპინძლა.

 

დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევარი მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და იმის მიუხედავად, რომ სტუმართა გოლკიპერთან უშუალო რანდევუზე გასულ ზესტაფონელ ლუკა სიგუას ტაიმის მიწურულს მართებდა საკუთარი გუნდის დაწინაურება, ტაიმი სამართლიანი ფრით 0:0 დასრულდა.

 

სამაგიეროდ, მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ჩემპიონატის ლიდერი დუშელები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და ერთმანეთის მიყოლებით, იმერელთა კართან რამდენიმე ძალზედ სახიფათო მომენტი შექმნეს. აღსანაშნავია, რომ მასპინძელთა კიპერმა შოთა იგითხანიანმა მატჩს ამ მონაკვეთში რამდენიმე სასწაულებრივი სეივი განახორციელა...

სტუმრები ბევრს კი უტევდნენ, თუმცა ანგარიშში დაწინაურება მასპინძლებმა მოახერხეს - 64-ე წუთზე "ზესტაფონის" სწრაფრი კონტრშეტევა "არაგვის" მცველებმა საკუთარ საჯარიმოში წესის დარღვევით შეაჩერეს და ამ დარღვევისათვის დანიშნული პენალტი ნიკა ხელიძემ გოლად მშვიდად აქცია.

 

თამაშის მოულოდნელი სცენარით განვითარებამ და სტუმართა სატურნირო პოზიციითა თუ სხვა სუბიექტური ფაქტორებით გამოწვეულმა თანმხლებმა ნერვიულობამ ყველაზე მეტად მატჩის ახალგაზრდა არბიტრზე იმოქმედა. თითქმის ყველა სადაო ეპიზოდში ბაქარ ბრეგაძე გადაწყვეტილებებს სტუმართა სასარგებლოდ იღებდა, რითაც "დავით აბაშიძეზე" შეკრებილი პუბლიკის წყრომაც დაიმსახურა. სტადიონზე მყოფ სამართალდამცავებსა და მატჩზე მომუშავე დაცვის სამსახურს გვარიანი გარჯა დასჭირდა ემოციური გულშემატკივრების დასაშოშმინებლად...

 

სტუმრებმა ანგარიში 71-ე წუთზე გაათანაბრეს - "არაგვმა" კარგად ისარგებლა ტრავმის გამო მოედნიდან გიორგი სამხარაძის დროებით გასვლით და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გიორგი გოგობერიშვილმა ანგარიში 1:1 გახადა. მატჩის ბედი კი 88-ე წუთზე გადაწყდა - სტუმრებმა კარგი შეტევა განახორციელეს და თეიმურაზ შარაშენიძემ სტუმრებს გამარჯვება მოუტანა - 1:2.

 

14.09.2023. ”ზესტაფონი” - ”არაგვი” (დუშეთი) 1-2

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა (ჭრელაშვილი, 90), მჟავანაძე, დევდარიანი, თავაძე, ანდრიაძე, სათირიშვილი (გიგოლაშვილი, 79), სამხარაძე, სიგუა, კუჭაშვილი, ხელიძე (ცქიფურიშვილი, 68).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023