31.08.2023
"ზესტაფონმა" ზაფხული გამარჯვებით გააცილა
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეორე წრის სასტარტო, რიგით მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში "ზესტაფონმა" საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" უმასპინძლა.
დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე მონაწილე გუნდებმა, ოფიციალურმა პირებმა და "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა პუბლიკამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლო წარსულში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“, საჩხერის “ჩიხურას“ და წყალტუბოს „სამგურალის“ სამწვრთნელო სტაფის წევრის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონი ალექსანდრე ალექსეევის ნათელ ხსოვნას...
ზემოიმერული დერბის საწყისი მონაკვეთი მასპინძელი ზესტაფონელების უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-11 წუთზე მათ ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს - შეტევის მარჯვენა ფლანგზე დანიშნული სტანდარტი ლაშა კუჭაშვილმა სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებითა და იქ შექმნილ არეულობაში გატანილ გოლად აქცია...
მასპინძლები დაწინაურების შემდეგაც დომინირებდნენ და "ჩიხურას" კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. განსაკუთრებით გამოსარჩევი კი გახლდათ მასპინძელთა ის იერიში, როდესაც ბურთი ჯერ კარის ხაზიდან სტუმართა მცველმა გამოიტანა, დამატებაზე მოთამაშე ნიკა ხელიძემ კი "მრგვალი საგანი" ძელს გაარტყა...
"არ გაიტან - გაგიტანენ!" ამ წესისა თუ კანონზომიერების თაობაზე მიმდინარე სეზონში ჩვენ არაერთგზის დაგვიწერია და ის დღევანდელ მატჩშიც ამოქმედდა - ზემოთ აღწერილი ეპიზოდიდან სულ რაღაც 30 წამში "ზესტაფონის" დაცვის ხაზის უყურადღებობით მშვენივრად ისარგებლა საჩხერელმა გიორგი კუჭაშვილმა და მე-40 წუთზე ანგარიში ისევ საყაიმო გახადა...
ზესტაფონელთა გეგმებში დღევანდელ შეხვედრაში ქულების განიავება ნამდვილად არ შედიოდა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მათ სტუმართა კართან ნადვილი შტურმი მოაწყვეს და შედეგად, მე-60 წუთზე, შალვა ცქიფურიშვილის მეტად ეფექტური გადაცემის შემდეგ, ნიკა ხელიძემ თავი არანაკლებ ელეგანტური გოლით გამოიჩინა!
მალევე გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო თავად შალვა ცქიფურიშვილიც, რომლის დარტყმულიც საკუთარ თავზე სტუმართა კარის ძელმა აიღო. მატჩის დასკვნითი ნაწილი ოდნავ ნერვიული გამოდგა, მატჩის არბიტრმა ყვითელი ბარათებიც მრავლად ჩამოარიგა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და "ზესტაფონმა" ესოდენ ნანატრი და დამსახურებული გამარჯვება მოინადირა - 2:1.
|
31.08.2023. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 2-1 |
"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა (ჭრელაშვილი, 46 (შალამბერიძე, 90+3)), მჟავანაძე, დევდარიანი, თავაძე, ანდრიაძე, ცქიფურიშვილი, კუჭაშვილი (კლდიაშვილი, 82), სამხარაძე, სიგუა, ხელიძე (სათირიშვილი, 79).
დაწვრილებით:
|
|