24.08.2023
ფრე ახალგაზრდა რკინიგზელებთან
მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის პირველი წრის დასკვნით, რიგით მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "ლოკომოტივის" მეორე გუნდს უმასპინძლა...
ახალგაზრდა რკინიგზელებთან შეხვედრის პირველი წუთები, მოულოდნელად, სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელები აშკარად ნერვიულობდნენ და მოვლენები მასპინძელთა საჯარიმოში რამდენიმე ეპიზოდში მათთვის საკმაოდ უსიამოვნოდ განვითარდა.
ტაიმის შუაწელისკენ ზემოიმერლებმა დამშვიდება, ბურთის დაჭერა და თამაშის თბილისელთა ნახევარზე გადატანა მოახერხეს. 35-ე წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა - ლაშა კუჭაშვილის მიერ კუთხურის ნიშნულიდან სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებულს ადგილი "ლოკომოტივის" კარის ბადეში ნიკოლოზ ხელიძემ მიუჩინა...
მეორე ტაიმი რკინიგზელებმა ისევ აქტიურად დაიწყეს და 57-ე წუთზე ანგარიშში თანაფარდობა აღადგინეს. სტუმართა საგოლე შეტევაც მასპინძელთა კართან დანიშნულ კუთხურს მოჰყვა - იმერელთა საჯარიმოში შესრულებულ მაღალ ჩაწოდებას თავით დათო ბუკია გამოეხმაურა...
ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას ისევ ზესტაფონელები დაეუფლნენ - მასპინძლები პოზიციურ შეტევებში ცდილობდნენ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. რაც შეეხება სტუმართა ახალგაზრდულ და ძალიან სიმპატიურ გუნდს, მათ თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე ააგეს...
თამაშის დასკვნითი ნაწილი საკმაოდ ბევრ ბრძოლასა და სანახაობრივი ფეხბურთის აკომპანემენტით გაილია, თუმცა, ორივე მხარის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ გატანილი გოლები ვეღარ იხილა. შეხვედრა სამართლიანი შედეგით, ფრედ 1-1 დასრულდა.
|
24.08.2023. ”ზესტაფონი” - ”ლოკომოტივი-2” (თბ) 1-1 |
"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა (კლდიაშვილი, 80), მჟავანაძე, ნუცუბიძე, თავაძე, სათირიშვილი (დეისაძე, 70), კუჭაშვილი, სამხარაძე, სიგუა, ხელიძე (ჭრელაშვილი, 80), ზუზაძე (ცქიფურიშვილი, 66).
დაწვრილებით:
|
|